ფეხბურთი

ინგლისი როი ჰოჯსონს ჩააბარეს

'დღეს ძალიან ამაყი ვარ! მიხარია, რომ ასეთ დიდ ტურნირზე ჩემი ქვეყნის ნაკრების გაძღოლის შანსი მომეცა,' - განაცხადა როი ჰოჯსონმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

64 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე სახელგანთქმული იტალიელი ფაბიო კაპელო შეცვალა, რომელმაც ასოციაციის მაღალჩინოსნებთან უთანხმოების გამო თებერვალში დატოვა გუნდი.

ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები პირველ შეხვედრას 11 ივნისს ჩაატარებს საფრანგეთთან უკრაინის ქალაქ დონეცკში, მანამდე კი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 26 მაისს ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება, 2 ივნისს კი უემბლიზე ბელგიას დაუხვდება.

”ინგლისის ნაკრები ყველა ტურნირის ფავორიტია და ასე იქნება ახლაც. ჩვენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მივაღწევთ,” - განაცხადა ჰოჯსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ინგლისი ჰოჯსონის ხანგრძლივ სამწვრთნელო კარიერაში მეოთხე ნაკრებია. ვეტერანი მწვრთნელი 1992-1995 წლებში შვეიცარიას წვრთნიდა, 2002-2004 წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველ გუნდს ედგა სათავეში, 2006-2007 წლებში კი ფინეთს ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით შვეიცარიამ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა - მერვედფინალში გავიდა. ეს იყო შვეიცარიის ნაკრების პირველი დიდი ტურნირი 28 წკლის მანძილზე.

როი ჰოჯსონის გუნდებმა ორჯერ ითამაშეს უეფას თასის ფინალში (მილანის ინტერი - 1997, ლონდონის ფულემი - 2010), 7-ჯერ მოიგეს შვედეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ შვედეთის თასი, თითოჯერ კი დანიის პირველობა და თასი.

 

კომენტარები