GRAPE

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინოვაციებისა და რეფორმების ბრენდირებას იწყებს. იქმნება სპეციალური სააგენტო, სახელწოდებით GRAPE, რომლის მიზანიც რეფორმების ექსპორტია. ახალი სააგენტოს შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც GRAPE-ის დაგეგმილი ვებგვერდი სხვა ქვეყნებს პლატფორმად შესთავაზა საკუთარი რეფორმების გასაზიარებლად. სამიტზე საქართველომ მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმაც წარადგინა.

ღია მმართველობის პარტნიორობა აშშ-ის ინიციატივაა და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. OGP 2011 წელს შეიქმნა და საქართველო მას მალევე შეუერთდა. პარტნიორობის მიზანია, მთავრობები გახადოს უფრო გამჭვირვალე, ღია, ინოვაციური და ანგარიშვალდებული – ქვეყნები ორწლიან გეგმებს ქმნიან და იღებენ ვალდებულებას, რომ პარტნიორობის 5 მიზნიდან ერთ-ერთზე მაინც იმუშაონ. საქართველომ ოთხი აირჩია: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საჯარო მმართველობაში, საჯარო ფინანსების უკეთესად მართვა და უსაფრთხო გარემო.

საქართველოს სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც უკვე დაწყებულ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს და რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იშლება. ერთ-ერთია მომავლის საჯარო მომსახურება. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ოთხი ინოვაციური იუსტიციის სახლი, რომლებიც რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთ სივრცეში აერთიანებენ. წლეულს მათ რიცხვს კიდევ რვა იუსტიციის სახლი შეემატება, 2013-ში კი რაოდენობა თექვსმეტს მიაღწევს და შედეგად, ქვეყნის მთავარი ქალაქები დაიფარება. ამ მიმართულებით კიდევ ერთი სიახლეა Just Drive და Just Café – იუსტიციის სახლის მომხმარებლები შეძლებენ დოკუმენტები უმოკლეს დროში მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღონ, ან საბუთებს კაფეში დაელოდონ. აშენდება სოფლის განვითარების ცენტრებიც, სადაც სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე შესთავაზებენ როგორც ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა სერვისს. აქ მოქალაქეები შეძლებენ სოციალური მომსახურების და სამოქალაქო დოკუმენტაციის მიღებას, ასევე ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას. კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ცენტრებში მოქალაქეები მიიღებენ საბანკო მომსახურებას და სხვა სერვისებს.

გარდა ამისა, შეიქმნება მოქალაქის პორტალიც, რაც საჯარო ონლაინმომსახურებას გახდის ხელმისაწვდომს. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ვებსივრცე, სადაც მოქალაქე იდენტიფიცირდება ID ბარათით და ელექტრონულად შეძლებს სერვისის მიღებას.

სამოქმედო გეგმის კიდევ ერთი მიმართულება – იყავი ინფორმირებული და განავითარე საკუთარი ქვეყანა – რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს. ერთ-ერთია ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება. ყველა საჯარო დაწესებულება საკუთარ ვებგვერდზე თავად გამოაქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. შეიქმნება ვებგვერდიც, სადაც მოქალაქეები ნახავენ თემატურ სექციებად დაყოფილ საჯარო ინფორმაციას. ამავე საიტის მეშვეობით ისინი შეძლებენ, ელექტრონული ფორმით გამოითხოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

კიდევ ერთი სიახლეა პლატფორმა ichange.ge, სადაც მოქალაქეებს აზრის გამოთქმისა და იდეების შეთავაზების საშუალება ექნებათ. შესაბამისი გუნდი იმუშავებს მათ დახარისხებასა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებამდე მიტანაზე. მომხმარებლებს ექნებათ ელექტრონული პეტიციების შექმნის საშუალებაც. როდესაც პეტიციებზე ხელმოწერები მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას (რაც ჯერჯერობით განსაზღვრული არაა), მისი განხილვა სავალდებულო იქნება.

უსაფრთხოების მიმართულებით სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დანაშაულის რუკების შემოტანას, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს, დააკვირდეს დანაშაულის გეოგრაფიულ განაწილებას. დანაშაულის სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება ქუჩის სიზუსტით. მთავრობა გეგმავს უსაფრთხო უბნის პროექტის წამოწყებასაც, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები ადგილობრივ პროკურატურასთან ონლაინ დაკავშირებას შეძლებენ და უბანში არსებულ პრობლემებზე აცნობებენ.

სამოქმედო გეგმის ნაწილია მომსახურების გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროშიც. 2014 წლისთვის 150 ახალი საავადმყოფოს ამუშავებაა დაგეგმილი. უკვე შეიქმნა და ვითარდება ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რაც მოქალაქეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სისტემაში არსებულ სერვისებზე.

საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გეგმის შემუშავებაშიც იყვნენ ჩართულნი. მათთვის სპეციალური ფორუმიც შეიქმნება.

კომენტარები