ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის ჩელსისთან ორი მატჩის ჯამში 2:3 წაგებიდან მესამე დღეს ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თანამდებობა დატოვა – ის კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და გუნდს ზაფხულში, 1 ივლისს დაემშვიდობება.
„განვლილ ოთხ წელიწადში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და გუნდის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, რაც ახლა მსურს, დასვენებაა. აუცილებლად მჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა ყველაფერი გავაანალიზო და მოტივაცია დავიბრუნო,“ – განაცხადა 41 წლის სპეციალისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებთან შეხვედრას ბარსელონას პრეზიდენტი სანდრო როსელი და საფეხბურთო დირექტორი ანდონი სუბისარეტაც ესწრებოდნენ.
ხოსეპ გვარდიოლამ ბარსელონა 2008 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ სამჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი, ამდენჯერვე აღმართა ქვეყნის სუპერთასი, ორ–ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ერთხელ კი ესპანეთის თასი აღმართა. ბარსა 25 მაისს გვარდიოლას ხელმძღვანელობით მეორედ შეეცდება თასის მოგებას – ფინალში ბილბაოს ატლეტიკს ხვდება.
კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ბარსელონას 42 წლის ტიტო ვილიანოვა შეცვლის: განვლილი ოთხი წელიწადის მანძილზე ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.




