რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

ფილიპ ლეფორი შეშფოთებულია სოხუმში მიღებული გადაწყვეტილებით

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ფილიპ ლეფორმა, შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში - ”არასასურველ პირად” გამოცხადდა.

თავისი შეშფოთება ლეფორმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრისას გამოხატა. ამ საუბრისას მან აღნიშნა, რომ სოხუმის გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი. საპასუხოდ კარასინმა განაცხადა, რომ ”ეს საკითხი განსახილველია სოხუმთან, როგორც ჟენევის დისკუსიის სრულფასოვან წევრთან.”

საყურადღებოა, რომ კარასინმა ”ლოგიკური” უწოდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პოზიციას. მისი თქმით, ტიშკევიჩმა წინა რაუნდზე უყურადღებოდ დატოვა აფხაზთა მხარის მოთხოვნები - მისიას დაეფიქსირებინა ”საზღვრისპირა” ზონაში ინციდენტები და ”აფხაზებისთვის შერაცხმყოფელი” ტონით მოითხოვა მისიის დაშვება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ”ეს კი ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს და არ შეესაბამება მისიის მანდატს.”- აღნიშნა კარასინმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს განუმარტა, რომ აუცილებელია სოხუმთან კომპრომისული გამოსავლის მოძებნა, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მუშაობის გასაგრძელებლად.

 

კომენტარები