რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

სააკაშვილი: ის, რომ რუსეთის მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს დიდი ტყუილია

”ის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, დიდი ტყუილია - მათი მოსატყუებელი კბილი კი, ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებებზე საპასუხოდ და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი კოშმარი წარმატებული საქართველოა, ”რომელიც მათ გამოაცხადეს განადგურებულად და დამთავრებულად 2008 წელს, აღდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებებს, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის, ასევე რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვის."

სააკაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა სურს იმიტომ, რომ სათავეში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ ჰპირდება, რომ დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

”თუკი პირადად ჩემი და დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლის სანაცვლოდ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მზად ვარ, დღესვე, ნებისმიერ ადგილზე ჩავფრინდე  და ამ ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. თუ მათ სურს ურთიერთობის აღდგენა მთლიან საქართველოსთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამ ხელშეკრულების თანახმად, თუნდაც, საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურების ქვეშ, დათანხმდებიან დაგვიბრუნონ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, და საქართველოს ხალხს, ჩვენ მრავალეთიკურ მოსახლეობას მისცენ ბოლომდე განვითარების საშუალება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მზად ვარ წავიდე ხელისუფლებიდან,”-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ სცადა გაემიჯნა ერთმანეთისგან საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი.

”ქართველი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია.”- თქვა მან  და დასძინა: ” სააკაშვილი კი ცარიელი ადგილია, ნოლია, მაგრამ ადრე თუ გვიან ის პოლიტიკური არენიდან წავა. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისთვის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც იქ მოვა, მზად ვართ განვაახლოთ დიპლომატიური ურთიერთობები და წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც საქართველოში იქნებიან მზად.”

 

 

კომენტარები