ცესკო

ცესკომ ლეიბორისტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის წინადადება ავღანეთში მიმდინარე ოპერაციიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის თაობაზე.

ლეიბორისტული პარტიის მიერ შეთავაზებული სარეფერენდუმო საკითხის დაუკმაყოფლებლობის მოტივად ცესკომ ის საკანონმდებლო ნორმა დაასახელა, რომელიც პრეზიდენტს საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს.

„საინიციატივო ჯგუფის  მიერ შემოთავაზებული საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა გამოიწვევს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი კანონის მიღების შედეგად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომლის თანახმადაც დაუშვებელია რეფერენდუმის გამართვა კანონის მისარებად\გასაუქმებლად.“ - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ სარეფერენდუმო კომისიის მიერ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმა „ორგანიზებული მკვლელობის ხელშეწყობის ტოლფასია.“ პარტიის ლიდერის თქმით, ლეიბორისტები ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნის კამპანიის შეწყვეტას არ აპირებენ.

კომენტარები