აშშ-საქართველო

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩთან

საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შემაჯამებელი და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გამართვის განრიგი. ამავე ცნობით,,ჯონ ბასთან საუბრისას სერგი კაპანაძემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის“ არაკონსტრუქციული პოზიციის“ გამო, რის შედეგადაც ჩაიშალა 24 აპრილს გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა.

სერგი კაპანაძემ ხაზი გაუსვა IPRM-ის სრულყოფილად ფუნქციონირების მნიშვნელობას და ამ მექანიზმში ისევე, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სრულფასოვნად და შეუფერხებლად მონაწილეობის აუცილებლობას.

შეგახსენებთ, ახლახან აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთში „არასასურველ პირად“ გამოაცხადა, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო აფხაზთა მხარის მოთხოვნათა იგნორირებაში და აღნიშნა, რომ ანდჟეი ტიშკევიჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების „არასამართლებრივ მოთხოვნას აყენებს, რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას.“

სოხუმში ტიშკევიჩის „არასასურველ პირად“ გამოცხადება ახსნეს იმითაც, რომ მან „ უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიაზე“არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის პროცესი.“ ეს ბრალდება კი ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებას“ თავისუფალი-დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წაუყენა.

ხელისუფლებაში ალასანიას ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა კი ტელეკომპანია „მაესტროს“ ამ საკითხთან დაკავშირებით უთხრა: "საქართველოში ევროკავშირი სერიოზულადაა წარმოდგენილი და არა მარტო ჩემი ოფისის სახით. აქ იმყოფება კიდევ 200 ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს მუდმივად ადევნებს, განსაკუთრებით კონფლიქტის ხაზის აქეთა მხარეს. ვინმე თუ შეეცდებოდა იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს არის პროცესები, რომლებსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ვერ ამჩნევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ სანდო, ამას მისაღებად ვერ მივიჩნევ."

რაც შეეხება  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ სოხუმში გამოთქმულ პრეტენზიას - აფხაზეთის ტერიტორიაზე მისიის დაშვების "არასამართლებრივი მოთხოვნის" წამოყენებასთან დაკავშირებით,მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოიცავს  საქართველოს მთელს ტერიტორიას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  სეპარატისტული  ხელისუფლებები უარს ამბობ უზრუნველყონ  მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლების შესვლა.

 

კომენტარები