შვეიცარია

შვეიცარია გერმანელი საგადასახადო ინსპექტორების დაპატიმრებას ესწრაფვის

შვეიცარიამ ეკონომიკური შპიონაჟის ბრალდებით სამი გერმანელი ჩინოვნიკის დაპატიმრების ორდერი გასცა. არაა გამორიცხული, რომ მათზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდეს.

2010 წელს სამმა გერმანელმა თანამდებობის პირმა, სახელმწიფოს სახელით, 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა დისკი, რომელზეც შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის გერმანელი კლიენტების საბანკო რეკვიზიტები იყო განთავსებული. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გერმანიის საფინანსო ორგანოებმა, გადასახადებისთვის თავის ამრიდებლებს მოუწოდეს, რომ ოფიციალური გამოძიების დაწყებამდე გამოჩენილიყვნენ. ხელისუფლების მოწოდებას ათი ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა, თუმცა საგულისხმოა, რომ დისკზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 1100 პირის მონაცემები იყო ცნობილი.

ოპოზიციაც და მთავრობაც სკანდალის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, ვინაიდან მალე ბუნდესტაგმა შვეიცარიასა და გერმანიას შორის საგადასახადო შეთანხმება უნდა დაამტკიცოს. ხელშეკრულების მიხედვით, გერმანიის მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადების არიდების მიზნით შვეიცარიულ ბანკებში დიდი ოდენობის თანხებს ინახავენ, ამნისტია და ანონიმურობა გარანტირებული ექნებათ. საპასუხოდ, შვეიცარიის ბანკები ვალდებულებას იღებენ, რომ მათთან დამალული კაპიტალი 25%-ით დაბეგრონ, რასაც გერმანიის ბიუჯეტში გადარიცხავენ.

შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს გარანტიებს გერმანელი საგადასახადო ინსპექტორებისთვის. ისინი ეკონომიკური შპიონაჟისა და საბანკო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებებისგან არიან დაცულნი.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს პრესმდივანმა განაცხადა, რომ საგადასახადო შეთანხმების დროულად დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარიაში ძებნილი გერმანელი ჩინოვნიკების საკითხი გადაწყდება.

კანონპროექტს ოპოზიციური ძალები აკრიტიკებენ. საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში მმართველ კოალიციას უმრავლესობა აღარ აქვს, ამდენად, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ბუნდესრატში კანონის მიღება გაჭირდება. სოციალ-დემოკრატები და მწვანეები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებს შორის საგადასახადო შეთანხმება მეტისმეტად ლიბერალურია, რადგან ის გადასახადებისგან თავის ამრიდებლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.

სოციალ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ იმ სამ ჩინოვნიკს, რომლებსაც ეკონომიკურ შპიონაჟში ედებათ ბრალი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების ორდენი ეკუთვნის.

 

 

კომენტარები