ჩინეთი

ბოს საგა გრძელდება

გავლენიან ჩინელ პოლიტიკოსთან, ბო სილაისთან დაკავშირებული სკანდალი ჩინეთში ახალ ძალას იკრებს. ის კომუნისტური პარტიის ჩუნცინის მუნიციპალიტეტის კომიტეტის მდივნობიდან ერთი თვის წინ გადააყენეს, რაც ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში გამძაფრებული დაპირისპირების გამოხატულებად შეფასდა. მას შემდეგ სიტუაცია თითქოს ჩაცხრა, თუმცა აპრილში პოლიტიკური ინტრიგის დამატებითი დეტალები გამჟღავნდა. ამჯერად საზოგადოებას მთავარ როლში ბოს მეუღლე – გუ კაილაი მოევლინა.

10 აპრილს ჩინურმა სამთავრობო მედიასაშუალებებმა ორი ახალი ამბავი გაავრცელეს. პირველის მიხედვით, ბოს სერიოზულ (თუმცა დაუკონკრეტებელ) დანაშაულში ედება ბრალი. მას კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობა შეუჩერეს და პოლიტბიუროდან გარიცხეს. მეორე ამბის მიხედვით კი, ბოს მეუღლე გუ ნოემბერში ჩუნცინში გარდაცვლილი ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

გუ კაილაის, რომელიც პოლიტიკურ სკანდალამდე ქმარმა მზრუნველ მეოჯახედ დაახასიათა, მასთან დაახლოებული პირები ჩინეთის ჯეკი კენედის უწოდებდნენ (ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მეუღლე – ჟაკლინ კენედი). მისი ნაცნობები აღნიშნავდნენ, რომ გუ გავლენიან ქმარს არც განათლებასა და არც პოლიტიკურ ამბიციებში არ ჩამორჩებოდა. იურიდიული განათლების მქონე გუმ, სახელი გაითქვა 1990-იან წლებში, როცა ამერიკაში, იურიდიული პრობლემების მქონე ჩინური კომპანიების სასამართლო პროცესები მოიგო. ამის შესახებ მან მოგვიანებით წიგნიც დაწერა. აღსანიშნავია, რომ გუ ზოგჯერ სხვა სახელს, ჰორუს ლ. კაის იყენებდა. ჰორუსი ცის, ომისა და ნადირობის უძველესი ეგვიპტური ღვთაების სახელწოდებაა.

The Wall Street Journal-ის ჩატარებული გამოძიების მიხედვით, გუს ბიზნესი, ჩინეთის გარდა, ამერიკასა და ბრიტანეთშიც ვრცელდებოდა. მისი იურიდიული კომპანია ჩინეთში საქმიანობის დაწყების მსურველ უცხოურ კომპანიებს კონსულტაციას უწევდა. გუს შემოკრებილი ჰყავდა მეგობართა და მრჩეველთა ვიწრო წრე, რომელთა შორის ბრიტანელი ნილ ჰეივუდიც იყო. ის ჩინეთში 1990-იან წლებში მოხვდა და ბოს ოჯახს ქალაქ დალიანში დაუახლოვდა. მაშინ პარტიული თანამდებობა ბოს სწორედ იქ ეკავა. ჰეივუდი მის ვაჟს,

გუაგუას, პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში განათლების მიღებაშიც დაეხმარა.

გუმ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრიდან ჩრდილში ბოს კარიერულ წინსვლასთან ერთად გადაინაცვლა, თუმცა ბიზნესი და იურიდიული საქმიანობა არ შეუწყვეტია. მასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში გუ დეპრესიით იტანჯებოდა, პარტნიორებთან კი ურთიერთობები გაუფუჭდა და მათ ღალატში ადანაშაულებდა. ჰეივუდის მეგობრებმა The Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ გუსთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, ბრიტანელი ბიზნესმენი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.

ჰეივუდი გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა ჩუნცინში. ადგილობრივი პოლიციის გამოძიების მიხედვით, სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა იყო, თუმცა ჩინური სამთავრობო მედიის ვერსიით, დაიწყო საქმის ხელახალი გამოძიება და მას მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. გუს გარდა, ჰეივუდის მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბოს ოჯახთან დაახლოებული ჟან სიაჟუნი. გავრცელებული ინფორმაციით, გუსა და ჰეივუდს შორის ურთიერთობა ბიზნესსაკითხებზე შეუთანხმებლობამ დაძაბა.

სკანდალი თებერვალში მომწიფდა, როდესაც ჩუნცინის პოლიციის ყოფილმა შეფმა და ბოს მარჯვენა ხელმა ვან ლიძუანმა, ქალაქ ჩენდუში ამერიკულ საკონსულოს მიაკითხა. მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და, სავარაუდოდ, ამერიკელებს გუს შესახებაც უამბო. როგორც ამბობენ, ბოსა და ვანს შორის შავმა კატამ მაშინ გაირბინა, როდესაც ამ უკანასკნელმა, ბოს მისი მეუღლის ჰეივუდის მკვლელობასთან კავშირის შესახებ აუწყა. საბოლოოდ ვანი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდა. შესაძლოა, ის სილაის წინააღმდეგაც გამოიყენონ.

ჩინეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ ამ მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას 1989 წლის ტიანანმენის სისხლიანი მოვლენების შემდეგ არ ახსოვს. ბოს, პოპულარობის გარდა, მაოს თანამებრძოლი კომუნისტი რევოლუციონერის შვილობა უმაგრებდა ზურგს. ამას გარდა, ის კომპარტიის მარცხენა ფლანგის სასურველი პერსონაც იყო, რომელსაც ჩინეთის ეკონომიკური ლიბერალიზაცია არ მოსწონს. სამაგიეროდ, ბოს ცენტრიდან კონტროლირებადი ეკონომიკური მოდელი და მაოისტური

მისწრაფებები აღაფრთოვანებდა.

მიმომხილველთა ნაწილი, ბოს პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების შემდეგ, პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას შორის ურთიერთობების გამწვავებას ელოდა. ბოს ჩინეთის არმიასა და უსაფრთხოების ძალებში მხარდამჭერები ჰყავდა. ჩუნცინის მერის, ჰუან ქიფანის თქმით, მას რეგიონულ სამხედრო ნაწილებზეც მიუწვდებოდა ხელი. ნაციონალისტურად და ანტიამერიკულად განწყობილ სამხედროებს ბო მისი იდეოლოგიური პოზიციის გამო მოსწონდათ. პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელი ჟუ იონკანი კი ბოს თანამოაზრედ ითვლებოდა.

ჩუნცინის პარტიული თანამდებობიდან ბო ერთი თვის წინ გადააყენეს, მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები კი მთავრობამ მხოლოდ ახლახან გაამჟღავნა. ეს პარტიაში არსებულ განხეთქილებაზე უნდა მიუთითებდეს – ფრაქციები ბოს მომავლის შესახებ ვერ თანხმდებიან. მის მოწინააღმდეგეთა ბანაკს, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და პრემიერმინისტრი ვენ ძიაბაო უდგანან სათავეში. მათთვის უპირველესი პრიორიტეტია, რომ შემოდგომაზე ქვეყნის მართვის სადავეები სი ძინპინს მშვიდად გადაეცეს. მთავრობა სტაბილურობისა და ერთიანობის ფასადის შენარჩუნებას ცდილობს. ჯერჯერობით უშედეგოდ.

 

კომენტარები