პარლამენტი

ხელჩართული ჩხუბი საქართველოს პარლამენტში

პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის მანძილზე დეპუტატებს შორის ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა. შეხლა-შემოხლა ”ქართული დასის” ლიდერს, ჯონდი ბაღათურიასა და დეპუტატ აზერ სულიემანოვს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღათურიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება დანაშაულად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს სომეხ მოქალაქეებს აქვთ უფლება საქართველოს სომეხთა გენოციდის აღიარება მოსთხოვონ.

”ხვალ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და სათქმელი არაფერი არ გვექნება.”- თქვა ბაღათურიამ. ამის შემდეგ მასთან მივიდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი. სიტყვიერი შელაპარაკება ბაღათურიასა და სულეიმანოვს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, მასში ჩაერთო უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც.

ვითარების განმუხტვის შემდეგ  აზერ სულეიმანოვმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი, თავის სომხურ აზრზე დარჩა.“ 

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა  დეპუტატებს  ნუ ითამაშებენ საქართველოსთვის ყველაზე საზიანო თამაშს, ნუ დაყოფენ საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით.

„ჩვენს ქვეყანაში მყარად დაფუძნდა საქართველოს მოქალაქის ცნება, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ერთი და იმავე უფლებებისა და ღირებულებების მატარებელი ხალხი.  ყველაზე დიდი მტრობა საქართველოში ეს არის საქართველოს გაყოფა ეთნიკური წარმომავლობით ან ეთნიკური ნიშნით და მცდელობა დააპირისპიროს საქართველო რომელიმე მეზობელთან,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები