დღეს, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება დაადანაშაულა 2008 წელს, საქართველოზე რუსეთის თავდასხმისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, გიორგი ტატუაშვილის, ოჯახზე ზეწოლაში. მან ჟურნალისტებს წარუდგინა ქართველის ჯარისკაცის დედა დარეჯან პატაშური და განაცხადა, რომ მის ოჯახზე ხელისუფლება ზეწოლას იმის გამო ახორციელებს, რომ ქალბატონი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
თავად დარეჯან პატაშურის თქმით, მისი 14 წლის ვაჟი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მანქანაში ჩაისვეს და უთხრეს, რომ თუ მისი დედა ”ჭკვიანად არ მოიქცეოდა” ვარკეთილში ნაჩუქარ ბინას ჩამოართმევდნენ.
დარეჯან პატაშურმა თქვა, რომ უარს ამბობს სახელწმიფოსგან ნაჩუქარ ბინაზე, რომლიც ”გიორგის სიცოცხლის ფასად” მიიღო.
ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა: ”არავითარი სიწმინდე არ გააჩნია სააკაშვილს და ეს არის მისი იდეოლოგია მხოლოდ. აბსოლუტურად შეგნებულად ვასახელებ ერთი კაცის გვარს. ამ ქალბატონის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მე საჯაროდაც მინდა მოვიხადო ბოდიში მის წინაშე, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, ვერ შევძელით სწორი პოზიცია დაგვეჭირა დროულად და ამ არასწორი პოზიციის, გაუმართლებელი პოზიციის შედეგია მსხვერპლი , რომელიც მიიღო ამ ქალბატონმა. ”




