Foreign Policy

საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თომას დე ვაალის სტატიას აკრიტიკებს

"თომას დე ვაალის სტატია ”როგორ გვიხსნის გოგოლი პოსტსაბჭოთა ქვეყნების არსს“ (How Gogol Explains the Post-Soviet World, 2012 წლის მარტი/აპრილი) სავსეა შესანიშნავი მეტაფორებით და ლიტერატურული ანალოგიებით. თანამედროვე რუსეთის შედარება გოგოლის „რევიზორთან“, ადეკვატურია.  მაგრამ, სტატია, მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, თუკი მასში მეტი ყურადღება დაეთმობოდა რეალურ დეტალებს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე”.- წერს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ”ფიქრები საქართველოზე.”

”თომას დე ვაალი ამტკიცებს, რომ ქართულ არისტოკრატიას, ეკლესიას და კომუნისტ ლიდერებს რუსეთთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდათ, რის გამოც რუსეთთან გაყრა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. ”- აღნიშნავს საქართველოს ელჩი და დასძენს: ”მეფის რუსეთის დროს, ერთ წარმატებულ ქართველ არისტოკრატზე, 10 რეპრესირებული მოდიოდა, მთელი ჩვენი სამეფო ოჯახის ჩათვლით. რუსებმა გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც გადაურჩა არაბების, მონღოლების, თურქების და სპარსების ბატონობას. თითოეულ ქართველ კომუნისტზე, რომელიც საბჭოთა იერარქიაში მსახურობდა, ათობით ათასი გულაგში განადგურებული ქართველი მოდიოდა.ავტორი საუბრობს ასევე იმ გაცვეთილ იდეაზე, თითქოს საქართველოს „სტალინის კომპლექსი“ აქვს. დიახ, სამწუხაროდ ცნობილი იოსებ ჯუღაშვილი პატარა ქართულ ქალაქ გორში დაიბადა. მაგრამ მთელი ზრდასრული ცხოვრება ბოლშევიზმის საქმეს და არა საქართველოს მიუძღვნა. სხვა ერებს (მათ შორის ქართველებს) ის უკიდურესად მკაცრად ეპყრობოდა: მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ველიკორუსია“ სტალინი დღეს რუსეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში.”

"დე ვაალს უფლება აქვს არ დაეთანხმოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, და მე პირველი ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ გახსნილი ვართ საქმიანი კრიტიკისთვის. მაგრამ ის ამცირებს იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა კონსენსუსის გარეშე, ხელისუფლების უკიდურესი თვითდაჯერებულობით საკუთარ სიმართლეში. შემიძლია მხოლოდ ავღნიშო, რომ ჩემი მთავრობა მთელი მისი მმართველობის პერიოდში სარგებლობს დემოკრატიული მანდატით. მე არ ვიცი, არცერთი სხვა ისეთი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ღრმა რეფორმები მთელი საზოგადოების თანხმობით განახორციელა. ”- წერს გიორგი ბადრიძე.

გამოცემა აქვეყნებს თომას დე ვაალის პასუხს საქართველოს ელჩის ამ წერილზე, რომელშიც ნათქვამია: ”იმას, თუ როგორ განვითარდება ეს ისტორია საქართველოში, ჩვენ ვნახავთ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მიმდინარე საარჩევნო ციკლი დასრულდება. თუმცა, როგორც მე დავწერე, დღეს სახეზეა, ყველაზე ცოტა, გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ დემოკრატია მსხვერპლად ეწირება უტოპიურ მიზნებს. აი, თუნდაც ეს ერთი მაგალითი: შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან მოჰყვა ის, რომ დღეს ქართული ციხეები გადავსებულია, თანაც ბევრი პატიმრის ციხეში ჩასმა საერთოდ არ იყო საჭირო. შარშან, პატიმრების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველომ რუსეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. აქ არ შემიძლია დოსტოევსკის არ დავეთანხმო, რომელიც წერდა, რომ საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხის განსჯა მისი ციხეებით შეიძლება.”

 

კომენტარები