Foreign Policy

მაია ფანჯიკიძე: ყოფილი თანამდებობის პირები „კრიმინალები“ არიან

Foreign Policy-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მაია ფანჯიკიძე, ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი „კრიმინალები“ არიან. 
„თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ეს ასე არაა. ეს კანონის უზენაესობის აღდგენაა. ეს არ არის შერჩევითი სამართლი. ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ისინი პოლიტიკური ლიდერები არ არიან. ისინი საჯარო მოხელეები არიან და მონაწილეობდნენ უარეს ქმედებებში, ვიდრე აშშ-ში უოტერგეიტი იყო“, – განუცხადა მაია ფანჯიკიძემ Foreign Policy-ის ჟურნალისტს. 
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ახალი ქართული მთავრობა არ ცდილობს სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენას, თუმცა, Foreign Policy-ი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მინისტრი დარწმუნებულია, რომ დაკავებული პირები „უდანაშაულოები არ არიან“.
 „[ოპოზიციასთან] თანაარსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ იმას, რომ ეს ადამიანები კრიმინალები არიან. პრემიერი მინისტრი ან მთავრობის სხვა წევრები არავითარ ზეგავლენას არ ახორციელებენ... ეს ხალხი უბრალოდ კრიმინალები არიან", – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემის ჟურნალისტს.  
Foreign Policy-ი წერს, რომ მსგავსი განცხადებები ვერ დაარწმუნებს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, რომელმაც საქართველოს ახალ მთავრობას „წესებით თამაშისკენ“ მოუწოდა. გამოცემას კლინტონის განცხადება მოჰყავს, რომელშიც სახელმწიფო მდივანი იმედს გამოთქვამს, "რომ ყველაფერი, რაც ხდება პოტენციურ დამნაშავეთა სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, გამჭვირვალედ განხორციელდება შესაბამისი პროცედურების და კანონის უზენაესობის დაცვით, როგორც შეეფერება საქართველოს ოცნებას და მისწრაფებებს, და ქართველი ხალხის გრძნობებს". გამოცემა იმასაც წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვიქტორია ნულანდი უფრო შორს წავიდა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა რომ არ უნდა შეიქმნას ოდნავი შთაბეჭდილებაც კი, რომ გამოძიებები პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს. 
გამოცემა იმითაც დაინტერესდა, დაიწყება თუ არა გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ის პოსტს დატოვებს.
„არ ვიცი. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ის [პროკურატურა] დამოუკიდებელი ორგანოა და მე მასთან საერთო არაფერი მაქვს“ , – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები