აშშ-საქართველო

ვაშინგტონში დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში გაიმართა დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ფილიპ გორდონი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, საქართველოს დელეგაციას კი გიგა ბოკერია - ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე.

გავრცელებული ცნობებით, დისკუიის მიმდინარეობისას მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში რეფორმების მიმდინარეობაზე და იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების და საარჩევნო პროცესის, მედიის თავისუფლების და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეც. ქართული მედიისთვის მან განმარტა, რომ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარჩევნო რეფორმასა და მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა შეხვედრას „ძალიან სასარგებლო“ უწოდა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პირველი შეხვედრა ამავე წლის ივნისში შედგა და მასზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, მათ შორის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი.

 

კომენტარები