ფოკუსი

დარტყმის ქვეშ

იქნება თუ არა ომი ირანში? ამ კითხვის აქტუალურობა აქამდე თუ დღითი დღე მატულობდა, ცოტა ხნის წინ განვითარებულმა მოვლენებმა ის თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაიყვანა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან სამხედრო დაპირისპირების აცილებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, სამხედრო დაპირისპირების ალბათობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

ამერიკული სპეცსამსახურებიდან პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ომი არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიც გვიახლოვდება – Foreign Policy-ში 28 მარტს გამოქვეყნდა მოხსენება, რომლის ავტორიც ამერიკელ სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანზე შეტევისთვის აზერბაიჯანმა ისრაელს თავისი სამხედრო აეროდრომები გადასცა.

“ბატონო ობამა, საფრთხე ირანია და არა ისრაელი”, – ასეთი შენიშვნით გამოეხმაურა მოხსენებას ჯონ ბოლტონი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად

განიხილავენ. საქმე ისაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკოსები, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ისრაელში, გაჟონვას თეთრი სახლის მიერ სანქცირებულად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ბარაკ ობამა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც ამერიკის მოკავშირეებს აზარალებს, ხოლო მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისრაელის სამხედრო გეგმების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებების გავლით პრესაში ხვდება. ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბისა და მასში მრავალი სამოქალაქო თუ სამხედრო პირის მონაწილეობის გამო ჩნდება ეჭვი, რომ ობამას ადმინისტრაცია ისრაელის სამხედრო გეგმების ჩაშლის მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა.

თებერვალსა და მარტში, ამერიკული გამოცემები, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმის შესაძლო სცენარებზე ალაპარაკდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციის წარმომადგენლების და მოსადის შეფის თამირ პარდოსის შეხვედრის დეტალების შესახებ. გამოქვეყნდა ირანზე დარტყმის სავარაუდო დროც – აპრილი, მაისი ან ივნისი. პენტაგონიდან პრესაში ირანზე სამხედრო დარტყმის სიმულაციის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა, რომლის მიხედვითაც კრიზისი ირანიდან მეზობელ ქვეყნებზე გადაინაცვლებს და რეგიონი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვება.

Bloomberg-ში გაჟონა კონგრესის კვლევითი სამსახურის დახურულმა მოხსენებამ, რომლის ავტორებიც ამტკიცებენ, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმები სასურველ შედეგს არ მოიტანს და ბირთვულ პროგრამას მხოლოდ 6 თვით გადაავადებს. ვარაუდობენ, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნებით თეთრი სახლი, უპირველესად, ნეთანიაჰუზე შიდაპოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამავდროულად, იმ კონგრესმენების პოზიციების დასუსტებასაც იმედოვნებს, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

შარშან, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების ლიკვიდაციის შემდეგ, კვლავ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ამერიკულმა პრესამ ეს დივერსიები ისრაელის სპეცსამსახურებს დაუკავშირა. ამას თეირანის ოფიციალური

რეაქცია პრეზიდენტის კრიტიკოსები გაჟონვას თეთრი სახლის მიერ სანქცირებულად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ობამა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც ამერიკის მოკავშირეებს აზარალებს, ხოლო მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მოჰყვა. აჰმადინეჟადის მთავრობამ ისრაელის დივერსიული კამპანიის ხელშეწყობაში ბაქო დაადანაშაულა. აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო. თეირანისა და ბაქოს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ დამძიმდა, რაც აზერბაიჯანში ისრაელისა და ამერიკის საელჩოების წინააღმდეგ ტერაქტების მომზადებასა და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 22 ადამიანი დააკავეს.

საგულისხმოა, რომ ჯაშუშების დაკავებიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, პოლიციამ ისრაელის ელჩის მძღოლის მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი გააუვნებელყო.

მიმომხილველთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისრაელი გამონაკლისი არ არის – ობამას ადმინისტრაცია მოკავშირეების საიდუმლოების გამჟღავნებაში ადრეცაა შემჩნეული. ისინი დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებენ, როდესაც ბირთვული შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დასაყოლიებლად, თეთრმა სახლმა პუტინის რეჟიმს გაერთიანებული სამეფოს ბირთვული იარაღის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

თუმცა შეერთებული შტატების მაშინდელმა ქმედებამ არა იმდენად დიდი ბრიტანეთი, რამდენადაც ობამას ადმინისტრაციის რეპუტაცია დააზარალა. უკანასკნელი ანგარიში კი, უპირველესად, აზერბაიჯანს და ისრაელს აყენებს დარტყმის ქვეშ.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, აზერბაიჯანს საბჭოთა დროიდან შემორჩენილი 4 მოქმედი და 4 მიტოვებული ავიაბაზა აქვს, რომლებიც ისრაელს სამხედრო ოპერაციისთვის შეიძლება გამოადგეს. Foreign Policy-ს ცნობით, ისრაელი აზერბაიჯანულ ბაზებს არა ირანის დასაბომბად, არამედ ბომბდამშენთა და გამანადგურებელთა საწვავის შესავსებად და სამაშველო მისიებისთვის გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, ისრაელს არ დასჭირდება ჰაერში საწვავის შევსება – მით უმეტეს, რომ ამისთვის მას ისედაც მწირი შესაძლებლობები აქვს. სანაცვლოდ, შეძლებს მეტი იარაღის წაღებას, რაც თავისთავად ირანის ბირთვული ობიექტების

განადგურების ალბათობას გაზრდის.

Foreign Policy ამ შეთანხმებას ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის თებერვალში გაფორმებულ 1.6-მილიარდიან კონტრაქტს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებს და ანტისარაკეტო სისტემებს მიიღებს. მათ თანამშრომლობას ისიც ამყარებს, რომ ისრაელი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია.

ზემოხსენებულმა პუბლიკაციამ აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების მწვავე რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოხსენებას ცილისწამება და აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია უწოდა. ბაქომ საერთაშორისო საზოგადოებას ნახიჭევანის დეკლარაცია გაახსენა, რომლის მიხედვითაც თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდა, რომ საკუთარ ტერიტორიას არ დაუთმობდნენ მესამე ძალას, ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.

ვარაუდობენ, რომ ამ გაჟონვამ, შესაძლოა, აზერბაიჯანს ურთიერთობა გაურთულოს არა მხოლოდ ირანთან, არამედ თურქეთთან და რეგიონის სხვა მუსლიმურ სახელმწიფოებთან.

ბუნებრივია, დაზარალდა ბაქო-ვაშინგტონის ურთიერთობა. თუმცა ეს პროცესი 2009 წელს თურქეთ-სომხეთის დაახლოების ჩავარდნილი მცდელობის შემდეგ დაიწყო. მაშინ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სცადა, თურქეთი სომხეთისთვის ყარაბაღის ოკუპაციის გამო გამოცხადებული ბლოკადის მოხსნაზე დაეთანხმებინა. ამას ემატება ისიც, რომ შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანში ელჩი არ ჰყავს – რასაც ბაქო ქვეყნისადმი გულგრილობად აღიქვამს.

უდავოა, აზერბაიჯანთან ერთად დაზარალდა ისრაელიც – როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით. ნეთანიაჰუს გაურთულდა საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა.

მიმომხილველები თვლიან, რომ ამ გაჟონვით აიათოლების რეჟიმის საქმე გაკეთდა – ირანის ხელისუფლებამ უკვე იცის თუ რამდენად ინფორმირებულია ამერიკა და ისრაელი ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ. ნათელი გახდა ისიც, თუ რა კრიტერიუმს იყენებს ამერიკა და ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შესაფასებლად. შესაბამისად, ირანმა ისიც იცის, რა დამალოს.

ოპონენტები ობამას ორმაგ თამაშში ადანაშაულებენ. არჩევნებში მას ებრაელი ამომრჩევლის და განსაკუთრებით დონორების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ საჯაროდ აღიარებს ისრაელის სუვერენულ უფლებას თავი დაიცვას. მეორე მხრივ, ომის მოწინააღმდეგეთა გულის მოგებას ცდილობს. ამას გარდა, დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო გაზრდის ნავთობის ისედაც მომატებულ ფასებს. ეს უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების ეკონომიკაზე, რაც ობამას არჩევნებში გამარჯვებას გაურთულებს.

Foreign Policy-ს პუბლიკაციიდან მეორე დღეს – 29 მარტს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ობამას გარემოცვის ანონიმური წარმომადგენლები წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წნეხის ქვეშ მყოფ პრეზიდენტს იმაზე აგრესიული ლექსიკის გამოყენება უწევს, ვიდრე მისი პოლიტიკა ითვალისწინებს.

ობამას დამცველები ცდილობენ მომხდარში პოზიტიური მხარე დაინახონ. ისინი ამტკიცებენ, რომ ისრაელის სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, ირანს ომის რეალურობაში დაარწმუნებს და დათმობებისკენ უბიძგებს. თუმცა კრიტიკოსები ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ და თვლიან, რომ Foreign Policy-ს პუბლიკაციამ საპირისპირო ეფექტი იქონია – ირანელები უფრო მეტად დარწმუნდნენ, რომ ამერიკა ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, ხოლო ისრაელი მარტოა. შესაბამისად, კომპრომისზე არ წავლენ. ეს კი, თავის მხრივ, ისრაელს გაუზრდის მოტივაციას პრევენციული თავდაცვის უფლებით ისარგებლოს და “ბირთვული ჰოლოკოსტის” თავიდან ასაცილებლად იმოქმედოს.

ობამას წინასაარჩევნო მანევრების კრიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მისი და რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის დიალოგი გამჟღავნდა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 26 მარტს სამხრეთ კორეაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ჩართული მიკროფონის წყალობით, მათი ხანმოკლე საუბარი საზოგადოებამ მოისმინა. ამერიკის პრეზიდენტი მედვედევს არჩევნების შემდეგ მეტ მოქნილობას და კომპრომისებს დაჰპირდა.

მიკროფონის ინციდენტმა გააძლიერა ეჭვები იერუსალიმში – გაჩნდა შიში, რომ ობამა არჩევნების შემდეგ “მოქნილ” პოლიტიკას საზოგადოების ზურგს უკან არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ირანსაც ჰპირდება. ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა ისრაელი აიძულოს არჩევნებამდე იმოქმედოს, იქამდე სანამ თეთრი სახლის ბინადარს ხელფეხი შეკრული აქვს და “მოქნილ” პოლიტიკას ვერ ატარებს.

თავის ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირე ისრაელთან ასეთი რთული ურთიერთობები ამერიკას 1956 წლის სუეცის კრიზისის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ, ამერიკის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი მოკავშირეების – ბრიტანეთის, საფრანგეთის და ისრაელის მოთოკვას ცდილობდა, რომ ეს ქვეყნები ეგვიპტესთან სუეცის არხის ნაციონალიზაციის გამო სამხედრო დაპირისპირებაში არ შესულიყვნენ. ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, თუმცა საფრანგეთი და ბრიტანეთი ამერიკის ზეწოლით იძულებულნი გახდნენ სამხედრო მოქმედებები შეეწყვიტათ და ეგვიპტე დაეტოვებინათ. განსხვავებით ისრაელისგან, რომელიც კიდევ ერთი წელი ინარჩუნებდა პოზიციებს სინას ნახევარკუნძულზე.

ისტორიას სხვა მაგალითებიც ახსოვს, როდესაც ისრაელმა შეერთებული შტატების მოთხოვნა უგულებელყო.

1981 წელს, შეერთებული შტატების წინააღმდეგობის ფონზე, ისრაელმა ბირთვული იარაღის განვითარების ეჭვების გამო, საჰაერო იერიშით ერაყის ოსირაკის ბირთვული რეაქტორი გაანადგურა. იგივე განმეორდა 2007 წელს. მაშინ ისრაელმა სირიის ბირთვული რეაქტორი დაბომბა.

როგორც 1981, ისე 2007 წელს თეთრი სახლი იერუსალიმის სამხედრო გეგმებს არ ემხრობოდა, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით, მისი გეგმების საბოტირება ასე აშკარად არ უცდია.

 

კომენტარები