ბიძინა ივანიშვილი ისარგებლებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით, თუკი საქართველოს კონსტიტუციაში შევა ის ცვლილება, რომელიც მას იმ პოლიტიკურ უფლებებს მიანიჭებს, რომლებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს. ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. ის არის კოალიცია ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი.
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უარყოფითია, მაგრამ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისარგებლოს არსებული საკანონმდებლო ცვლილებით და მისთვის მინიჭებული უფლებით, ესეც ჩვენი პოზიციაა. თუ მას საშუალება ექნება, რომ ფრანგული პასპორტით საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებებით ისარგებლოს, რა თქმა უნდა, მან ამ უფლებით უნდა ისარგებლოს, რადგან ბიძინა ივანიშვილის კრედო არის, რომ დარჩეს საკანონმდებლო სივრცეში," - აღნიშნა კბილაშვილმა. მან თქვა ისიც, რომ აღნიშნული შესაძლებლობების გამოყენება არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობისთვის ბრძოლას შეწყვეტს. არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, ივანიშვილის მხარე ცოტა ხანში სასამართლოში გაასაჩივრებს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე.
საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა, ინიციატივა ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რომელიც დაბადებულია საქართველოში და 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში, ისეთივე პოლიტიკური უფლებების მინიჭებას, რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.




