ქართული ოცნება

ფილიპ დიმიტროვი ალასანიას ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვმა   კომენტარი გააკეთა  თავისუფალი-დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნის. ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში მან თქვა: "საქართველოში ევროკავშირი სერიოზულადაა წარმოდგენილი და არა მარტო ჩემი ოფისის სახით. აქ იმყოფება კიდევ 200 ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს მუდმივად ადევნებს, განსაკუთრებით კონფლიქტის ხაზის აქეთა მხარეს. ვინმე თუ შეეცდებოდა იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს არის პროცესები, რომლებსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ვერ ამჩნევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ სანდო, ამას მისაღებად ვერ მივიჩნევ."  აღნიშნულ საკითხზე საუბრისას დიმიტროვმა თქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში თავის საქმეს აკეთებენ და" ძალიან სამწუხარო იქნებოდა, რომ არ არსებობდეს სათანადო კომუნიკაცია მათსა და ხელისუფლებას შორის, რაც მეტნაკლებად არსებობს."

ცოტა ხნის წინ თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას და მის ოჯახის წევრებს სამეგრელოს რეგიონში ”უკანონო შეიარაღებული ფორმირებების” შექმნა დაავალეს. ალასანიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ”ჯგუფებს” საარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მან სამეგრელოში სირიის ქალაქ ჰომსის რეალობის განმეორებაც კი დაუშვა.

ბრალდების გამოთქმის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ამ წარმომადგენელმა ეროვნულ უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ უშიშროების საბჭოში აღნიშნეს, რომ ალასანიას ჩამოთვლილი ჰქონდა მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები. უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ ალასანიას მიერ მიწოდებული მასალა არ შეიცავდა ღირებულ ინფორმაციას და თვალსაჩინოებისთვის ის სრული სახით გამოაქვეყნეს.

თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდის დიდი ნაწილი სამეგერლოს რეგიონში, „მშობლიურ კუთხეში“ გაატაროს. ამ გადაწყევტილებაზე საუბრისას მან ახალაიების ოჯახს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი და თქვა, რომ სამეგრელოში არის „ახალაიების კლანური“ მმართველობა.

გადაცემის ჩანაწერი - პირდაპირი საუბარი (11/04/2012) 

 

კომენტარები