ქართული ოცნება

ალასანია წინასაარჩევნო პერიოდის დიდ ნაწილს სამეგრელოში გაატარებს

თავისუფალი-დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია  წინასაარჩევნო პერიოდის დიდ ნაწილს ”მშობლიურ კუთხეში”- სამეგრელოში გაატარებს. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება  ხალხთან, საქართველოს მოქალაქეებთან ახლოს ყოფნის ამოცანის გათვალისწინებით მიიღო.  ალასანიას სიტყვებით საჭიროა მოქალაქეები  დარწმუნდნენ, რომ მარტონი არ არიან  და საჭიროა მოქალაქეებმა დაძლიონ შიში.

”სამეგრელო გამორჩეულია იმ კუთხით, რომ მას ერთი კონკრეტული, ახალიების კლანი მართავს და მთელი სამეგრელო პრაქტიკულად ბოლო წლებში მათი ტერორის ქვეშ არის. მე ვთვლი, რომ სწორედ ჩემს მშობლიურ კუთხეში ჩემს ხალხთან ერთად ის უნდა გავაკეთო, რომ ამ არჩევნებით მსგავს კლანურ მმართველობას ბოლო მოეღოს. ჩვენ გვინდა, სამეგრელო იყოს ხიდი და არა ჩიხი,"- აღნიშნა ალასანიამ საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ  თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას და მის ოჯახის წევრებს სამეგრელოს რეგიონში ”უკანონო შეიარაღებული ფორმირებების” შექმნა დაავალეს. ალასანიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ”ჯგუფებს”  საარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ბრალდების გამოთქმის შემდეგ მან ეროვნულ უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი უშიშროების საბჭოში აღნიშნეს, რომ ალასანიას ჩამოთვლილი ჰქონდა მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები.

უშიშროების საბჭომ მიიჩნია, რომ ალასანიას მიერ მოწოდებული მასალა რაიმე ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავდა და ის სრულად გამოაქვეყნა იმ მიზნით, რომ საზოგადოებას შექმნოდა წარმოდგენა  იყო თუ არა სერიოზული წარმოდგენილი მონაცემები.

 

კომენტარები