ივანიშვილი პოლიტიკაში

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანდა

გოგი თოფაძის  ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანდა.  თოფაძემ, რომელისთვისაც მიუღებელია საქართველოს კურსი ნატოში გაწევრიანებისკენ,  განაცხადა, რომ მისი ხედვები ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის პროგრამას, თუმცა საგარეო პოლიტიკის გარკვეულ საკითხებში მათი შეხედულებები განსხვავებულია.

 პოლიტიკური გაერთიანების ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერმა განაცხადა, რომ  მთავარი ამოცანაა  ” რეჟიმის შეცვლა” და კოალიციაში შემავალ ძალებს სწორედ ეს ამოცანა აერთიანებს.

"გავმართე კონსულტაციები გუნდის წევრებთან, რეგიონულ წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილება მივიღეთ კონსენსუსის საფუძველზე," – აღნიშნა თოფაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” აერთიანებს: თავისუფალ- დემოკრატებს, რესპუბლიკელებს, ეროვნულ ფორუმს, კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს ( პარტიების გარეშე)  ივანიშვილის მიერ  დასაფუძნებელ პარტიას და ახლა უკვე  გაერთიანებას- ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ  ის არ ეწინაარმდეგება გოგი თოფაძის კოალიციაში გაწევრიანებას მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული აზრთასხვადასხვაობა აქვთ.

გოგი თოფაძე 2010 წელს  თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, რომლის დროსაც მისი ერთ–ერთი კონკურენტი  თავისუფალი-დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

კომენტარები