ქართული ოცნება

ივანიშვილი ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის შესახებ

დღეს, ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა იმ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლითაც ქრისტიან-დემოკრატები გამოვიდნენ. გიორგი თარგამაძემ ინიციატივის წარმოდგენისას განმარტა, რომ მისი განხორციელება წაადგება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის დასრულებას და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის კონსტრუქციული მიმართულებით წარმართვას.

ქრისტიან- დემოკრატების ინიციატივასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ”სააკაშვილი ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ”

”მან აბსოლუტურად უკანონოდ ჩამომართვა მოქალაქეობა, მივეცით საშუალება შეენარჩუნებინა სახე და აღედგინა მოქალაქეობა. მან ეს ვერ მოახერხა და მიმართა იოლ გზას- გადააკეთოს კონსტიტუცია. ეს ძირითადი კანონია და მას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. ამ შემთხვევაში იმდენად გაუგებარია ის ცვლილებები, რომლებსაც აპირებენ, ალბათ თვითონვე მიხვდებიან ამას და თვითონვე შეაჩერებენ.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა ისიც, რომ ”როგორც საქართველოს მოქალაქე” იმოქმედებს მხოლოდ კანონის ჩარჩოებში.

ქრისტიან- დემოკრატების ინიციატივა ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რომელიც დაბადებულია საქართველოში და 10 წელი უცხოვრია საქართველოში, ისეთივე პოლიტიკური უფლებების მინიჭებას, რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.

 

 

კომენტარები