კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების წინ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევისთვის შესაბამის ორგანიზაციებს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის გამო მიმართა.
„ის, რომ სააკაშვილი არჩევნებში გრძელვადიანი საერთშორისო მონიტორების მოწვევას საკუთარ თავზე მიიწერს და ამით უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ თითქოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის იღვწის, სხვა არფერია თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოელი მეგობრებისათვის კიდევ ერთხელ თვალის ახვევა,“ - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, არჩევნებისათვის გრძელვადიანი მონიტორების მოწვევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ირლანდიის მთავრობასა და ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარის მოადგილის საჯარო განცხადებებს.
იგივე გაიმეორა კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმაც. საკუთარ ბრიფინგზე მან მოითხოვა საგარეო უწყებამ გამოაქვეყნოს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის ტექსტები. ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რათა კიდევ ერთხლ შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება. ჩვენ კი ვაგრძელებთ მოძრაობას საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მეტი დამკვირვებელი და ფართო პროფილიანი დელეგაციები ჩამოვიდეს ქვეყანაში. ”-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ თინა ხიდაშელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ტექსტები, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის მიზნით გაუგზავნა გამოქვეყნდება. ამის შესახებ ცნობას news.ge ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა - ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა მედია მონიტორინგის პროექტი დააფინანსოს, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული მედია-მონიტორინგის პროექტისა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღინიშნა: "საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით ეწვიონ, რაც შეიძლება, სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს დააკვირდნენ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში.”




