ქართული ოცნება

ივანიშვილი პრეზიდენტს არ მიმართავს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით

ქართული ოცნების პრესპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიმართავს.

"წესი, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, არის წესი, როცა მხოლოდ ერთი ადამიანი - პრეზიდენტი წყვეტს, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვისაც სააკაშვილმა ერთხელ უკვე ჩამოართვა მოქალაქეობა, მისთვის ხელმეორედ მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართვა არალოგიკურად მიგვაჩნია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

იუსტიციის სამინისტრომ რანდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეობისთვის ივანიშვილმა ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურას უნდა მიმართოს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მოიწონეს ქრისტიან-დემოკრატების მიერ გამოთქმული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რომელიც დაბადებულია საქართველოში და 10 წელი უცხოვრია საქართველოში, ისეთივე პოლიტიკური უფლებების მინიჭებას, რაც უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეს.

 

კომენტარები