სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. „პრეზიდენტობის“ კანდიდატები უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და ომბუდსმენი დავით სანაკოევი არიან.
რეგიონის ტერიტორიაზე 83 საარჩევნო უბანია გახსნილი, საარჩევნო სიაში კი 34 935 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
წინა არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს, რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნოემბერში გამართული ხმის მიცემის შედეგები ადგილობრივმა „უზენაესმა სასამართლომ“ ბათილად ცნო. ოპოზიციის ლიდერმა და გამარჯვებულმა კანდიდატმა ალა ჯოევამ კრემლი ზეწოლაში და არჩევნების პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა.




