საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირს, ვისაც 10 წელი უცხოვრია საქართველოში, საშუალებას აძლევს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ქრისტიან-დემოკრატების მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვას საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ხვალიდან დაიწყებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი გაბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, ქრისტიან-დემოკრატების წინადადების გათვალისწინებით, ივანიშვილის მოქალაქეობის თემასთან დაკავშირებულ ”სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს საბოლოოდ დაესმევა წერტილი”.
ინიციატივას კომისია ცოტა ხნის წინ ინიცირებულ სხვა საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად განიხილავს, რაც პირს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას 21 წლიდან აძლევს. საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენლის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კომისია ამ საკითხებზე მუშაობას, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დაასრულებს, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ცვლილებების ფორმულირება და პარლამენტს წარუდგენენ.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გუშინ ტაბულასთან საუბარში შემდეგნაირად ახსნა ცვლილების საჭიროება: "იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას საფუძველი გამოეცალოს, განსაკუთრებით იმ მაღლი რისკების ფონზე, რომლებიც შემოდგომისთვის რუსეთის მხრიდან აშკარად გამოვლენილ სიმპტომებს უკავშირდება, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის პრაქტიკას და ითვალისწინებს: საქართველოში დაბადებულ, ევროკავშირის წვერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, ავტომატურად მიენიჭოს უფლება, ჰქონდეს იგივე პოლიტიკური უფლებები საარჩევნო პროცესში, რა უფლებებიც აქვს საქართველოს მოქალაქეს.”




