იუსტიციის სამინისტრო

კონფერენციაზე ქალაქ ლაზიკას კონცეფციას განიხილავენ

იუსტიციის სამინისტროში ქალაქ ლაზიკას კონცეფციის განსახილველი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც სამ დღეს გასტანს. სამუშაო შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ამერიკელი ექსპერტები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.

”ახალი ქალაქის მშენებლობა ამბიციური და საინტერესო პროექტია. გეოგრაფიული მდებარეობის შერჩევა, ქალაქის კონცეფციის შემუშავება, მშენებლობის დაგეგმვა, მისი ეკონომიკისა და პოლიტიკის განსაზღვრა - ამ საკითხებზე მუშაობა თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ის გამბედაობას, ახალ იდეებს, ახალ ხედვებს მოითხოვს. ახალი ქალაქის მშენებლობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ახალგაზრდობა, რადგან უპირველეს ყოვლისა, ლაზიკა ახალი თაობის ქალაქი იქნება. ‘’- განაცხადა კონფერენციის გახსნაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა დღეს ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი ქალაქის მშენებლობა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი, სპეციალური განვითარების რეგიონების კონსტიტუციური სტატუსი, სამართლებრივი და სასამართლო სისტემების, აგრეთვე მმართველობის სისტემა და მისი სახეები სპეციალური განვითარების რეგიონებში და ა.შ.

 

კომენტარები