ნატოს გენერალურ შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეებმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის, ურთიერთობის, ასევე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ "მოდელი"ქვეყანაა. რასმუსენმა ხაზი გაუსვა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობას და განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ზრუნავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოების შექმნაზე.
"საქართველო ნატოსთვის მნიშნველოვანი პარტნიორია... 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მყარად რჩება ძალაში. ნება მიბოძეთ დავადასტურო , რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში. ალიანსი არ სცნობს საქრთველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც საქართველოს მომავალი წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი. ასევე, ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში უცხოელი დამკვირვებლების ჩართულობაზე.




