ქართული ოცნება

ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულებს ალასანია პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს უწოდებს

დღეს, გორში, "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერების: ელგუჯა მახარაშვილის და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიაშვილების საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც დაესწრო. „ამ ბიჭების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან მალე დასრულდება ეს უკანონობა. უამრავი უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქე, არა მხოლოდ ჩვენი მომხრეები, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.“ - განაცხადა მან.

გორის რაიონის სოფელ მერეთში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟი, ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები ჯაბა და აკაკი ელიაშვილები 17 თებერვალს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ალასანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები დიდი ხანია ემუქრებოდნენ გოდერძი მახარაშვილს, რომ თუ არ დაანებებდა თავს კრიტიკული აზრის გამოხატვას და "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას, მის ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტოში კი განმარტეს, რომ ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები გორის რაიონში მცხოვრები გიორგი გლახაშვილის ცემის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღინიშნა, რომ 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა აკაკი ელიაშვილმა, ელგუჯა გოდერძის ძე მახარაშვილმა და ჯაბა ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

შშს-მ  განმარტა, რომ გლახაშვილის ცემის ფაქტს შეესწრო მერაბ გუგუტიშვილი რომელიც შეეცადა გაეშველებინა მოჩხუბრები და დასძინა:” ამ დროს აკაკი ელიაშვილმა, ჯაბა ელიაშვილმა და ელგუჯა მახარაშვილმა მისი მისამართითაც გამოიჩინეს აგრესია, წააქციეს მიწაზე და დაუწყეს წიხლებით ცემა, რა დროსაც მერაბ გუგუტიშვილმა დაკარგა გონება. ”

 

კომენტარები