აშშ-საქართველო

სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დაამტკიცა

 საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აშშ-ის ელჩი საქართველოში სავარაუდოდ, რიჩარდ ნორლანდი იქნება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროცედურები მკაცრად გაწერილი არ არის და ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის შეცვლის ნორლანდი მოქმედ ელჩს, თუმცა  კალანდაძე ვარაუდობს, რომ ეს ზაფხულამდე მოხდება.

აშშ-ის ამჟამინდელი ელჩის, ჯონ ბასის დიპლომატიური მისიის ვადა საქართველოში იწურება. მის შემცვლელად  რიჩარდ ნორლანდი სენატმა 29 მარტს დაამტკიცა.

კარიერული დიპლომატი რიჩარდ ნორლანდი 2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივლისამდე უზბეკეთში, აშშ-ს ელჩი იყო. მანამდე, ორი წლის მანძილზე ის იყო მისიის მთავარი წარმომადგენელი ამერიკის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი). ამას გარდა, გახლდათ მისიის მთავარი წარმომადგენელი რიგაში(ლატვია) და მსახურობდა უფროს დიპლომატად მაზარი-შარიფში (ავღანეთი) - აშშ-ს შეიარაღებული ჯარების სამოქალაქო საქმეების ჯგუფთან ერთად, რომლის მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა იყო.

ნორლანდს  პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 90-იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც იმყოფებოდა, ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში. დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე რიჩარდ ნორლანდი ინგლისურის გარდა 5 ენას ფლობს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე, რიჩარდ ნორლანდმა ვაშინგტონის საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ,, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მთავარი ინტერესის ხელის შეწყობა, რომელიც საქართველოს გრძელვადიან უსაფრთხოებას და სტაბილურობას მოიცავს, პირდაპირ კავშირშია მთავრობის მხრიდან შემდგომი დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან.’’ აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

 

კომენტარები