ქართული ოცნება

ქუთაისის მერიაში ქართული ოცნების ბრალდებას არასერიოზულს უწოდებენ

”ქართული ოცნება” ხელისუფლებას საკუთარი აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებში ადანაშაულებს. ”დღევანდელ ბრიფინგზე  ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გასულ კვირაში  მათ აქტივისტებს ქუთაისში, ქუთაისის მერიის თანამშრომლები ”თავს დაესხნენ და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.”

ფანჯიკიძის თქმით, ”ქართული ოცნების” ქუთაისელი აქტივსტების ცნობით, მერიის თანამშრომლები: ვასილ ხარაბაძე, ლევან სალარიძე, გიორგი ხარაზიშვილი და გიორგი ნებულიშვილი მათ თეთ ხიდთან ”დაესხნენ თავს, როცა გაზეთ ”ქართულ ოცნებას” არიგებდნენ, გაზეთები მდინარეში გადაუყარეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.” ”მერიაში ამ ცნობას უარყოფენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი აქტივისტების სანდო ინფორმაცია,”- აღნიშნა ფანჯიკიძემ, მან თქვა ისიც, რომ ”ქართული ოცნების” აქტივისტებმა დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა პოლიციას მათ მიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენია.

”ქართული ოცნების ”პრეს-სპიკერის მიერ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ეხება, ”ტაბულა” ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს თენგიზ თოფურიძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ ”არ მიაჩნია სერიოზულად” მაია ფანჯიკიძის განცხადება, რომ დღისით, ყველას დასანახად მერიის თანამშრომლები ქართული ოცნების აქტივისტებს დაესხნენ თავს,  როცა არ არსებობს თავდასხმის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, მაია ფანჯიკიძის მიერ დასახელებული პირები ნამდვილად არიან მერიის სხვა და სხვა სამსახურების თანამშრომლები და თავადაც არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რაზეც ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა ისაუბრა. ” ასევე ძალიან საეჭვოა თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” აქტივისტებს დაერეკათ პოლიციაში და პოლიციას მათი მიმართვის იგნორირება მოეხდინა, რადგან ასე არ ხდება ხოლმე.” - განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.

”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე  განაცხადა , რომ გასულ კვირაში, მას შემდეგ რაც ახმეტაში ”ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა , მათ 20-ამდე მხარდამჭერს მიაკითხა ”პოლიციისა და სხვა სტრუქტურების თანამშრომლებმა.” ფანჯიკიძის თქმით, ისინი ცდილობდნენ ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები შეშინების გზით ეიძულებინათ უარი ეთქვათ ივანიშვილის მოძრაობის და კოალიციის მხარდაჭერაზე. 

 

კომენტარები