ქართული ოცნება

ალასანია: ჩემთვის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო სააკაშვილია

"ეს სიცრუის ნიაღვარი, რაც იმედიდან და რუსთავი 2-დან მოდის ამ ბოლო წლებში და ყველაფრის გადაბრალება რუსეთზე... იმის გამო, რომ რუსეთმა რაღაცაზე რეაქცია, შეიძლება, გააკეთოს ჩვენ სიმართლე აღარ უნდა ვთქვათ? ჩემთვის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო არის სააკაშვილი, როდესაც ასეთ ძალადობას იყენებს საკუთარი ხალხის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილს არ უნდა დამდგარიყო და გამოსულიყო საქართველო, თუკი პროტესტი რეალურად იყო საზოგადოებაში იმის შიშით, რომ რუსეთს რამე არ ეთქვა?“ - განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა აქცენტების ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას. ცოტა ხნის წინ კარასინი ალასანიას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოში იქმნება „რაღაც შეიარაღებული ფორმირებები“, რასაც ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ადასტურებენ. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ალასანია ალაპარაკდა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებაზე. მან ისიც თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო ომისთვის ემზადება.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მდგომარეობა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გართულებულია და ქართული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციები გრძელდება. იანვრიდან იქ მოკლულია შვიდი ადამიანი“, - თავის მხრივ ასევე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა.

ირაკლი ალასანია 15 მარტიდან მოყოლებული საუბრობს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებაზე. თუმცა, მათი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქამდე არ წარმოუდგენია. მან განაცხადა, რომ მტკიცებულებები უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა. თავის მხრივ, ეს მასალები უშიშროების საბჭომ გაასაჯაროვა, რათა საზოგადოებას თავად ემსჯელა მათ სერიოზულობაზე. მასალაში ძირითადად სახელი და გვარები იყო ჩამოთვლილი - როგორც უშიშროების საბჭომ განაცხადა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამართალდამცავების.

თავის მხრივ, გადაცემა აქცენტებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტის პასუხად განაცხადა, რომ ალასანიას გადაგზავნილ სიაში ჩამოთვლილი პირებისთვის ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევია, რადგან “ასეთ თვალნათელ სისულელეზე“ დროს ვერავინ დაკარგავს. „არანაირი სერიოზული განხილვა, გარდა ზედაპირული დათვალიერებისა და საუბრისა ყველა ორგანოსთან იმაზე, თუ რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, არ ყოფილა და არც შეიძლება, ყოფილიყო. ყველა, ვინც გაეცნო ამ დოკუმენტს, იმავე დასკვნას გამოიტანდა, რაც ჩვენ გამოვიტანეთ“ - თქვა მან.

ბოკერიამ ახსნა, რომ სიტუაციურად ჯაჭვურ რეაქციასთან გვაქვს საქმე-როდესაც ალასანიამ სამეგრელოს სირიის მომავალი უწინასწარმეტყველა და ამას მოჰყვა კრიტიკა, მას საბჭოსთვის გადაგზავნილი დოკუმენტის „შეთხზვა“ მოუწია. ამ დოკუმენტს, ბოკერიას სიტყვებით, „ეტყობა რომ ნაჩქარევადაა შეთხზული“ - მაგალითად, ჯგუფების დისლოკაციის ადგილად მითითებულია, რომ ზუგდიდში ქირაობენ სახლებს.

„საქართველოს შეიარაღებულ ძალებს- ერთის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს თავისი სტუქტურებით და მეორე მხრივ, შსს-ს, მრავალი ქვედანაყოფით, ამ ორ სტუქტურას აქვს საქართველოში იარაღი. სხვა შეიარაღებული სტუქტურები საქართველოში არ არსებობს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალასანიას განცხადების შემდგომ ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ამ ჯგუფებშის შექმნაში ის თავდაცვის სამინისტროს მიერ თვეების წინ წამოწყებულ საპილოტე პროექტს - ნებაყოფლობით რეზერვისტების წვრთნას გულისხმობდა, რაც ქვეყნის 4 რეგიონში მიმდინარეობს. თავის მხრივ, ალასანია უარყოფს იმას, რომ რეზერვისტებზე საუბრობს და ამბობს, რომ ზოგადად მისი განცხადების შემდგომ დაიწყო ხელისუფლებამ რეზერვზე აქტიურად ლაპარაკი და სამართლებრივი სივრცის შექმნა.

ბოკერიამ რეზერვის რეფორმირების საკითხზე თვეების წინ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და ისიც განმარტა, რომ ნებაყოფლობითი რეზერვისტების გაწვრთნილ ჯგუფებს მშვიდობიან დროს არანაირი შეხება არ აქვთ შეიარაღებასთან.

 

კომენტარები