ჯანმრთელობა

ჭარბი წონა თირკმლის კიბოს რისკს ზრდის

ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მონაცემებით, ჭარბი წონა თირკმლის კიბოს რისკს 70%-ით ზრდის. შედარებისთვის, თამბაქოს მოხმარება რისკს 50%-ით ამაღლებს. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ ცოტას აქვს გაცნობიერებული, რამდენად უწყობს ხელს ჭარბი წონა კიბოს განვითარებას.

კიბოს კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2009 წელს ბრიტანეთში თირკმლის კიბოს 9000 შემთხვევა დაფიქსირდა. 1975 წელს ეს რიცხვი 2300-მდე იყო. დღეისთვის ბრიტანეთის მამაკაცების 70 და ქალების 60 პროცენტი ჭარბწონიანთა კატეგორიაში ხვდება.

თირკმლის კიბო რიგით მერვე ყველაზე გავრცელებული კიბოა. დაავადების ადრეული სიმპტომი შარდს გამოყოლილი სისხლია. დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, მისი განკურნება შესაძლებელია.

მკვლევრების თქმით, თირკმლის გარდა, ჭარბი წონა ზრდის მკერდის, საშვილოსნოსა და ნაწლავის კიბოს რისკს, რადგან იწვევს გარკვეული ჰორმონების ჭარბი დოზით გამომუშავებას.

პროფესორი ტიმ ეისენი ამბობს, რომ არსებობს წამლები, რომლებიც პაციენტებში დაავადების კონტროლს შესაძლებელს ხდის, თუმცა საუკეთესო გამოსავალი პრევენციაა - ნორმალური წონის შენარჩუნება და სიგარეტისთვის თავის დანებება.

 

კომენტარები