ჯანმრთელობა

ზამთრის ალერგიები – რა იწვევს და როგორ გავუმკლავდეთ

ჯანმრთელობა

ზამთრის ალერგიები – რა იწვევს და როგორ გავუმკლავდეთ

"ალერგია ისეთი მოვლენაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი სქესის და რასის ადამიანს, შეიძლება, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაემართოს".- ტაბულასთან ამბობს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

ალერგია არის ადამიანის იმუნური სისტემის პასუხი უცხო სხულებზე, რომელიც ჩვეულებრივ არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის. ამ ნივთიერებებს ალერგენებს უწოდებენ. ალერგენი შეიძლება იყოს, საკვები, მტვერი, ცხოველის ბეწვი და ა.შ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2050 წლისთვის, ალერგია მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეაწუხებს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად, ალერგია გავლენას ახდენს მოზრდილთა 10-დან 30%-ზე და ბავშვების 40%-ზე. ეს მაჩვენებელი თანდათან იზრდება. 

ალერგიას ხშირად გაზაფხულს და ხე-მცენარეების ყვავილობას ვუკავშირებთ, თუმცა, ეს პრობლემა ზამთარშიც საკმაოდ გავრცელებულია. ზამთრის ალერგიის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და მასთან გამკლავების გზებზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტაბულასთან ისაუბრა. 

რა იწვევს ზამთრის ალერგიას?

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, "ზამთრის ალერგიის მთავარი გამომწვევი ფაქტორები სიმპტომური თვალსაზრისით შეიძლება იყოს სასუნთქი გზები, ცხვირი და ბრონქები. ასევე, კანთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები". მისი განმარტებით, დაბალი ტემპერატურა უკვე არის მაპროვოცირებელი ცხვირთან დაკავშირებული პრობლემების.

"ამას ხშირად ვეძახით ტემპერატურის ცვალებადობასთან დაკავშირებულ რინიტებს. ვაზემოტორული რინიტები, რომლებიც განსაკუთრებით სითბოსა და სიცივეს შორის მონაცვლეობით არის გამოხატული. ასევე თვითონ დაბალი ტემპერატურა შეიძლება ხშირი ხველის მიზეზი იყოს მათთან, ვისაც განსაკუთრებით, მიდრეკილება აქვს ქვედა სასუნთქი გზების ავადობისკენ. ბრონქოსპაზმის განვითარების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს, გააჩნია ადამიანს, როგორი ფონური დაავადება აქვს".- ამბობს კულუმბეგოვი.

ექიმის თქმით, ვისაც ბრონქული ასთმა აწუხებს, ზამთარში, მკვეთრ ცივ ჰაერში გარეთ ყოფნასა და ზამთრის კურორტებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. 

სახლის შიდა ალერგიები

ალერგოლოგის თქმით, ზამთრის პერიოდში ხშირია სახლის შიდა ალერგიები. როცა სახლში ტემპერატურა იმატებს, გარეთ კი იკლებს, ვენტილაცია ნაკლებია. 

"ტემპერატურა ხელოვნურად ხშირად გაზრდილია, ხშირად საკვები სახლში მზადდება, სარეცხი სახლში შრება, განსაკუთრებით, ნესტის, მტვრის და ტკიპების კონცენტრაცია იმატებს სახლებში. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა, განსაკუთრებით ოთახის მტვერზე, ზამთარში უმწვავდებათ, რადგან განიავება ნაკლებია. მაღალ ტემპერატურაში ალერგენების გამრავლების ხელსაყრელი პირობები იქმნება.

ვისაც მსგავსი ტიპის ალერგია აქვთ, მათ ზამთარში განსაკუთრებით უჭირთ, ამიტომ, განსაკუთრებით ასეთ ადამიანებს სულ ვეუბნებით, რომ ზამთარში მაქსიმალურად შეეცადონ, შეცვალონ ლეიბი, საბანი, ქვეშაგები ჰიპოალერგიულ ფორმებზე. განსაკუთრებით ხშირად გარეცხონ თეთრეული 50-60 გრადუსზე, კვირაში ერთხელ მაინც. რბილი სათამაშოები - მშობლებს ვეუბნებით, რომ ის უნდა გაირეცხოს აუცილებლად და თუ გარეცხვის შემდეგ გაფუჭდება, მაშინ ვეუბნებით, რომ კვირაში ერთხელ საყინულეში შეინახონ, პარკში შეფუთონ, რადგან დაბალი ტემპერატურა, ორ საათში ალერგინების დეაქტივაციას გამოიწვევს" - ამბობს ექიმი.

კანის სიმშრალე და გაღიზიანება

- "დაბალი ტემპერატურა კანის, განსაკუთრებით დერმატინისკენ და სიმშრალისკენ მიდრეკილ ადამიანებს,  ტანსაცმლისგან დაუცველ ადგილებზე პრობლემას უქმნის. შეიძლება ეს იყოს კანის მეორადი გამოშრობის, გაწითლების, ანთების გამომწვები. განსაკთრებით ხელებსა და ლოყებზე. ეს შეიძლება ბავშვებს უფრო ეხებოდეთ, თუმცა არამარტო. ასეთ შემთხვევაში, პრევენციისთვის მაქსიმალურად სქელი ფაქტურის მქონე დამატენიანებელი უნდა იყოს გამოყენებული ზამთარში, განსაკუთრებით გარეთ გასვლამდე, 20-30 წუთით ადრე" - აღნიშნავს ექიმი. 

ნებისმიერ ასაკში შეიძლება ალერგიულები გავხდეთ?

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ალერგია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში შეიძლება, დაემართოს. 

"თუ ჩვენ ალერგიას ზოგადი კუთხით შევხედავთ, კვებითი ალერგია ბავშვებში გვხდება, კვერცხსა და რძეზე ალერგია კაცს 50 წლის ასაკში არ დაემართება, მაგრამ კვებითი ალერგია ამ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს სეზამზე, შეიძლება გამოუვლინდეს ზღვის პროდუქტებზე… ასევე მედიკამენტებზე ალერგია, როგორიც არის ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები, საოპერაციო ნივთიერებები ბავშვებს ნაკლებად აქვთ. იმათ უფრო აქვთ, ვინც ამ ტიპის წამლებს იღებს. ბუნებრივად, ავადობის სიხშირით არის გამოწვეული ანუ რაც უფრო მეტ წამალს მოიხმარს ადამიანი, ამ ტიპის ალერგიასთან გადაკვეთა მეტი აქვს. თვითონ სასუნთქი გზების ალერგიას თუ შევხედავთ, სასუნთქ გზებს და ბრონქიტებს - ბიჭები უფრო ხშირად ავადობენ, გოგოები ნაკლებად. 30-40 წლის მერე ქალებს უფრო მეტი ავადობა აქვთ სასუნთქი სისტემის, ვიდრე კაცებს. ამიტომ ეს თავისებურება, რომ რაღაც ალერგია რაღაც ასაკშია და მერე არ შეგხვდება, პრაქტიკულად არ არსებობს".- ამბობს კულუმბეგოვი. 

როგორ გავარჩიოთ გაციება და ალერგია? 

"გაზაფხული მოგვიახლოვდა, ახლაც არის ადრეული ხეების ყვავილობის სეზონი. მარტიდან კვიპაროსის ყვავილობა დაიწყება თბილისში და ძალიან აგრესიული ალერგენია. ადამიანებს ხშირად გაციება ჰგონიათ. მარტივად შეგვიძლია განვასხვავოთ სეზონური გაციება და ალერგია - გაციება ყოველთვის არის 7-დან 10 დღემდე. ხშირად დაბალი ტემპერატურა ახლავს, გაციება თავიდან იწყება გამონადენით ცხვირიდან, რომელიც 3-4 დღეში გაყვითლდება და ბლანტი გახდება. ალერგია 7-10 დღეში თითქმის არ მთავრდება. გახანგრძლივდება ცხვირიდან სითხის გამონადენი, ტემპერატურა მაღალი არაა, ანტიალერგიული წამალის მიღების შემდეგ უმჯობესდება მდგომარეობა. ამ მარტივი მინიშნებებით შეიძლება განსხვავება".- უთხრა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ტაბულას.

კომენტარები