ქართული ფეხბურთი

100 წლის შემდეგ: პოპულარული და წარუმატებელი

26 მარტს, ზუსტად 100 წელი შესრულდა საქართველოში გამართული პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩიდან: 1912 წლის 26 მარტს თბილისის პლაცზე შევარდენმა ბაქოში მომუშავე ინგლისელთა გუნდს უმასპინძლა. სტუმრებმა 5:4 გაიმარჯვეს.

ისტორიული მატჩის მიმოხილვა გაზეთ კავკაზის 1912 წლის 1 აპრილის ნომერშია გამოქვეყნებული, სადაც მიმომხილველი ამბობს, რომ ეს არათუ საქართველოში, ზოგადად, ამიერკავკასიაში გამართული პირველი საერთაშორისო საფეხბურთო დაპირისპირებაა.

შევარდენის და ინგლისელთა პაექრობისადმი მიძღვნილი წერილი ამ სიტყვებით მთავრდება:

„26 მარტს გამართული მატჩის მიმოხილვის დასასრულს, შეუძლებელია არ ვივარაუდოთ, რომ ფეხბურთს თბილისსა და, ზოგადად, კავკასიაში, ბრწყინვალე მომავალი აქვს. ამ თამაშისთვის აუცილებელ კარგ კლიმატურ პირობებს თავი რომ დავანებოთ, ფეხბურთში ყველაფერია თავმოყრილი, რაც ასე იზიდავს ჩვენი მხარის აზარტის მოყვარულ და ფეთქებადი ბუნების ხალხს: სისწრაფე, ამტანობა, მოქნილობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, გონებამახვილობა, კორპორატიული თავმოყვარეობა... მუდმივად იცვლება მომენტები, თამაში მონაწილეებს გარისკვას აიძულებს, ეს ყველაფერი კი ვერავის დატოვებს გულგრილს. სავარაუდოდ, ეს საინტერესო თამაში ტიფლისელ პუბლიკას ისევე შეუყვარდება, როგორც თავის დროზე ჭიდაობა. და ალბათ, ახლო მომავალში მათთვის ფეხბურთიც საყვარელი სანახაობა და გასართობი გახდება”.

* * *
...1912 წლის 23 მარტს თბილისს ინგლისელი ჯენტლმენი, ბატონი ტვიდი ეწვია, ვისაც კლუბ შევარდენის მესვეურებთან ერთად, მომავალი საფეხბურთო დაპირისპირების საორგანიზაციო საკითხები უნდა მოეგვარებინა.

მასპინძლებმა ბაქოდან ჩასული ბრიტანელი სტუმარი ქალაქის მთავარ მოედანზე, პლაცზე (ახლანდელი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) წაიყვანეს, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს და პაექრობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს – 26 მარტს დათქვეს.

ბაქოში მომუშავე ინგლისელები ნელ-ნელა ესტუმრნენ თბილისს. თამაშის დღეს გაწვიმდა და ერთი პირობა, ისტორიული მატჩი კინაღამ გადაიდო, თუმცა შუადღით გამოიდარა და გუნდებიც მოედანზე გავიდნენ.

გაზეთ კავკაზის ცნობით, ინგლისელებმა მუქ ლურჯ ტრუსებში და თეთრი მაისურებით ითამაშეს, შევარდენს კი ტრადიციული თეთრ-

წითელი ფორმა ეცვა. მსაჯობა ფეხბურთის წესების საუკეთესო მცოდნემ, ბატონმა ტვიდმა ითავა, სანახაობას კი დაახლოებით 80 ადამიანი დაესწრო. გაზეთის თქმით, ბევრი მათგანი უცხო ხილის სანახავად ოჯახებით მივიდა...

თავდაპირველად შევარდენი დაწინაურებულა: მე-3 წუთზე თბილისელთა ფორვარდ მოხოვს დაურტყამს ზუსტად, ნახევარ საათში კი გაგუა შეჭრილა საჯარიმოში და მეორე გოლი გაუტანია – სტუმართა მეკარე კლეიველს ფეხი დაცდენია და...

ტაიმი მაინც ფრედ, 2:2 დასრულებულა: ჯერ ლის გაუქვითია ერთი ბურთი, რამდენიმე წუთში კი მაიერს მეორე გოლი გაუტანია მეკარე მაჭავარიანის კარში.

საგულისხმოა, რომ გაზეთ კავკაზის მიმოხილვაში შესვენება ინგლისურ ყაიდაზეა აღნიშნული – half time, ისევე როგორც კუთხური – corner kick.

მეორე ნახევარში გამოცდილებამ თავისი გაიტანა – ინგლისელებმა 5:4 მოიგეს. გაზეთში ნათქვამია, ერთ მომენტში სტუმართა ნახევარმცველი შარპანტიე თბილისელთა ვიცე-კაპიტანს თავად ბარათოვს ძალიან ძლიერად დაეჯახა და ფეხი ისე დაიშავა, მატჩის შემდეგ სიარული ვეღარ შეძლოო...

პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ტვიდს 18:15 საათზე დაუსრულებია. კავკაზი წერს, რომ მაყურებლებს ორივე გუნდი აპლოდისმენტებით დაუჯილდოვებია.

საფეხბურთო მატჩი „მესამე ტაიმით” გაგრძელებულა: შევარდენის ხელმძღვანელთა ინიციატივით, ფეხბურთელებს ერთ-ერთ რესტორანში დილის 4 საათამდე მოულხენიათ. დროსტარების დაწყებამდე მხარეები 27 მარტს მეორე თამაშზე შეთანხმებულან, მაგრამ პურობის დასასრულს, ტვიდს ბაქოდან დეპეშა მიუღია, რის გამოც მეორე დილით მთელი გუნდი უკან, აზერბაიჯანში გამგზავრებულა.

ჩვენდა საბედნიეროდ (გაზეთ კავკაზის წყალობით) ცნობილია კავკასიაში გამართული პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის მონაწილეთა შემადგენლობები.

თბილისის შევარდენის ღირსებას ინგლისელთა წინააღმდეგ იცავდნენ: მეკარე მაჭავარიანი; ბეკები (მცველები) – ტრუშჩენკოვი და როსტომბეკოვი; ჰავბეკები (ნახევარდაცვა) – პიშკინი, საპოჟნიკოვი და აზატიანცი; ფორვარდები (თავდასხმა) – გაგუა, მაიერი, თავადი ბარათოვი, მოხოვი, კობერტი.

ბაქოს ინგლისელთა კლუბი: მეკარე – კლეიველი; მცველები – მორი და გარდინერი; ნახევარმცველები – შარპანტიე, გუნდის კაპიტანი მიჩელი, კოლინზი; თავდამსხმელები – ბეკერი, ლი, ბრაუნი, ჰანსონი და ფოტერინგტომი...

* * *

ისტორიული თამაშიდან ზუსტად საუკუნე გავიდა.

გაზეთ კავკაზის ვარაუდი გამართლდა: დღეს ფეხბურთი საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.

ინგლისელთა სტუმრობის შემდეგ ძალიან მალე უცხო ხილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, ნელ-ნელა გუნდებიც ჩამოყალიბდა, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კი დედაქალაქის პირველობებიც მოეწყო.

1925 წელს საფეხბურთო კლუბი დინამო დაფუძნდა, 1936 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაერთო და...

დღეს ქართული ფეხბურთის ისტორია და წარმატებები, პირველ რიგში, დინამოს ისტორია და წარმატებებია, რადგან იმ წლებში, როცა ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო, დინამო არაოფიციალურად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფუნქციას ასრულებდა.

1937 წელს კლუბმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა: ბასკეთის ნაკრებს უმასპინძლა.

1944 წელს გუნდი პირველად წავიდა უცხოურ ტურნეში – ირანი მოიარა.

1960 წელს დინამო პირველად ესტუმრა ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისს.

1972 წელს საქართველოს საუკეთესო კლუბი პირველად ჩაერთო ევროპის საკლუბო ტურნირებში.

1981 წელს დინამომ ევრომწვერვალი დაიპყრო – თასთა თასი აღმართა.

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოეთისას გამოეყო, 1992 წელს კი ფიფასა და უეფაში გაწევრიანდა.

1994 წლიდან ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს და ევროპის პირველობების შესარჩევებში მონაწილეობს.

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩების სია ორ ასეულს მიუახლოვდა, თბილისის დინამო კი უცხოეთის გუნდებთან ზუსტად 695 პაექრობას ითვლის.

სხვა კლუბებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით: გვეეჭვება, რომ გუნდების უმეტესობამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს თავისი ისტორია.

ჩვენში ფეხბურთის წარსულს ხომ მხოლოდ სადღეგრძელოთი იხსენებენ.

სწორედ ამიტომ, განვლილ წლებში ძალიან ბევრი რამ დაიკარგა: ფოტოები, თამაშების ოქმები, სხვადასხვა მონაცემები და, რაც ყველაზე მთავარია, საინტერესო ისტორიები, რომელსაც ყველგან წიგნად კრავენ, საქართველოს გარდა.

პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის საუკუნოვანი იუბილეც, სავარაუდოდ, უჩუმრად ჩაივლის.

ასეთი თარიღებისთვის საქართველოში, რატომღაც, არავის სცალია.

ალბათ, გარკვეულწილად, სწორედ ამის ბრალია, რომ ჩვენში ფეხბურთი პოპულარული კია, მაგრამ წარმატებული – ნურას უკაცრავად.

კომენტარები