ოკუპირებული რეგიონები

ჟენევის დისკუსიის მე-19-ე რაუნდი

27-29 მარტს, ჟენევის დისკუსიის მე-19 რაუნდზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დასვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სადამკვირვებლო საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონის მილიტარიზაციაზე და წამოაყენეს ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებიც, ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, დანაშაულისა და პირთა უკანონოდ დაკავების ფაქტებს. საქართველოს დელეგაციამ კიდევ გაამახვილა ყურადღება დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის პირობების შექმნის აუცილებლობაზე.

”გარდა აღნიშნული ტრადიციული თემებისა, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შელახვის ფაქტების შესახებ და მოითხოვოს ამ საკითხის შესწავლა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.”- ნათქვამია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობაში, ჟენევაში საქართველოს დელეგაციაში  იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილეც. კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, ”მივდივართ იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ვალდებულება აიღოს” - ამის შესახებ  მან "ინტერპრესნიუსს" ჟენევის მოლაპარაკებების 19-ე რაუნდის შეფასებისას უთხრა.

" რუსეთის მხრიდან არ გვაქვს ამაზე მზაობა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ რაუნდზე, ისევე, როგორც წინა რაუნდზე, შეინიშნებოდა გარკვეული პოზიტივი. ჩვენ გვაქვს განცდა, ისევე როგორც თანათავმჯდომარეებს, რომ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა აიღოს ვალდებულება  საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მისი  თქმით, "პრაქტიკულად, ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ ვაღწევთ პროგრესს, უკვე 19-ე რაუნდია, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით არის სრული რეგრესი, რადგან მოსკოვი არავითარ დათმობაზე არ მოდის.ზოგჯერ კომიკურ ხასიათსაც კი იძენს, იმდენად ჩუმად არიან და არ არიან მზად, ისაუბრონ ამ საკითხზე. რა წინადადებაც არ უნდა წამოვიდეს ქართული მხარისაგან და თანათავმჯდომარეებისაგან, ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვება ხოლმე."

 

 

 

 

კომენტარები