ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება. განმეორებითი ”არჩევნების” პირველი ტურის შედეგებით დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს. ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, მან ხმების 42 პროცენტი მიიღო. მეორე ტურში გავიდა დე ფაქტო სახალხო დამცველი დავიდ სანაკოევიც, მან ხმების 24 პროცენტზე მეტი დააგროვა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურნენ თბილისში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ  აღნიშნა : "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მსგავსი ტიპის ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი გზით დემოგრაფიული სურათის შეცვლის დაკანონება მოხდეს. საერთაშორისო თანამეგობრობა, საბედნიეროდ, ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად აღიარებს და შექმნილ ვითარებას ძალიან ადექვატურად აფასებს. შედეგების თვალსაზრისით კი, ჩვენ არჩევნებს არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, უფრო მეტიც, ძალიან ნეგატიურად ვაფასებთ და მივიჩნევთ, რომ ყველა მსგავსი ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფარსია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიდრე დევნილ პირებს არ მიეცემათ საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა თვითონ მიიღონ."

 

 

კომენტარები