აშშ-საქართველო

აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა თბილისში შეხვედრები გამართა

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი იმყოფება. მას დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე შეხვდნენ. მხარეებმა ISAF–ის ოპერაციაში, ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის, მათი მზადყოფნის, მიღწევებისა და ამერიკის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.

 აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარეს ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის. დღესვე, დენის ჰეილიკმა ეროვნულ სასწავლო ცენტრში ”კრწანისი” 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ქართველი ინსტრუქტორები მოინახულა და მათ ISAF -ის მისიის მნიშვნელობაზე, აგრეთვე ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილ წვლილზე ესაუბრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23-ე ბატალიონი ავღანეთში ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF -ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გადის მომზადებას. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასულებენ მისიას და იქ მყოფ 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი საქართველოდან 24 მარტს გაემგზავრება.

 

კომენტარები