საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვაშაძე: სამეგრელოში არანიარი შეიარაღებული ჯგუფები არ იქმნება

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ სამეგრელოში არანაირი შეიარაღებული დაჯგუფებები არ იქმნება და  ბრალდების ავტორებს" ბოდვებისთვის" თავის დანებება ურჩია.

„ცილისწამებაზე, რომელიც ზოგიერთი ოპოზიციონერისგან მოდის, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ამომწურავი პასუხი გასცა. სჯობს შიზოფრენიულ ბოდვას თავი დაანებონ," - განაცხადა  გრიგოლ ვაშაძემ.

სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში ხელისუფლება თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადანაშაულა. ბრალდების გამოთქმის შემდეგ ალასანიამ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ეროვნულ უშიშროების საბჭოში გადააგზავნა. მიღებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი  იქ აბსურდული უწოდეს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ბრალდებას. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ ალასანიას ინფორმაცია შეიცავდა მოქმედი პოლიციელების, მათ შორის მაღალჩინოსნების, მოქმედი და თადარიგში გასული სამხედროების სახელებს და გვარებს.  ქუთელიამ თქვა, რომ ამ სახელების და გვარების გამოყენებით ხელისუფლების უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დადანაშაულებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რადგან საქართველოში "უკანონო ფორმირებები არ იქმნება და აღარც არასდროს შეიქმნება." სოხუმში კი ირაკლი ალასანიას განცხადების საფუძველზე აღნიშნეს, რომ თბილისი განაგრძობს" ტერორის და დაშინების" პოლიტიკას.„აფხაზური მხარე გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ქართული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა. აფხაზეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს  საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებაზე განაგრძოს ტერორის პოლიტიკა და დაშინება როგორც თავად საქართველოში, ისე მის მოსაზღვრე აფხაზეთის გალის რაიონში. რა თქმა უნდა, ამ შეიარაღებული ჯგუფების ქმედებები რეგიონში სიტუაციის შემდგომ გართულებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალასანიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სამეგრელოში "შეიარაღებული ჯგუფების" ფორმირება ბაჩო და დათა ახალაიებს დაავალეს. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ბრალდებას "ბოდვა"უწოდა, "ბოდვას უნდა შეეშვას, ჩვენ რამდენიმე თვეა ვქმნით სარეზერვო სისტემას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ულება, გაწევრიანდეს სარეზერვო სამსახურში",- აღნიშნა მან.

 

კომენტარები