საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რიჩარდ ნორლანდმა 21 მარტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე, საქართველოსთან აშშ–ის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს წინსვლას.
საკომიტეტო მოსმენაზე რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ წელს, აშშ–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავი აღინიშნება. მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტისას პრეზიდენტ ობამას ნათქვამი, რომ საქართველომ არაჩვეულებრივ პროგრესს მიაღწია „მყიფე სახელმწიფოდან“ დემოკრატიის მშენებელი, სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელმაც შეძლო მნიშვნელოვად შეეზღუდა ”წვრილმანი კორუფცია” და რომელიც, სახელმწიფო ინსტიტუტების და უწყებების მოდერნიზაციას ახორციელებს.
ნორლანდის სიტყვებით, საქართველომ დაადასტურა, რომ „სანდო პარტნიორია“ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში თანამშრომლობაში, როგორიცაა ავღანეთი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ვაჭრობა. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ აშშ–ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ კვლავ მყარია,“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა დაარწმუნოს რუსეთი შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დაინტერესებას საქართველოში გრძელვადიანი უსაფრთხოებითა და სტაბილურობით და მიანიშნა, რომ ამ ინტერესის შემდგომი ზრდა დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გაგრძელდება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გახორციელება.
რიჩარდ ნორლანდმა ასევე, ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთის ოპერაციაში. მან მოიყვანა პრეზიდენტ ობამას ნათქვამის ციტირება იმის შესახებ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ და ნატოს ჩიკაგოს სამიტი იქნება კარგი საშუალება იმის შესაფასებლად, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ ნატოსთან პარტნიორობით.
რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემდეგ იმუშავებს აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად. მან გაიხსენა, რომ იანვარში ბარაკ ობამამ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა ამ ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანის ხელშესაწყობი დიალოგის განვითარებისთვის, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლო შეთანხმებისთვის. ნორლანდის აზრით, ასეთი დიალოგის საშუალებით მხარეებს შეუძლიათ განავითარონ თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება აშშ-ისთვის და სასარგებლო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.




