ქართული ოცნება

ბაჩო ახალაიამ ირაკლი ალასანიას ბრალდებას უპასუხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას ბრალდებას სამეგრელოს რეგიონში ”შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის” თაობაზე და ”თავისუფალი-დემოკრატების” ლიდერს ურჩია ”ბოდვას შეეშვას.”

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რამდენიმე თვეა საქართველოში იქმნება სარეზერვო სისტემა და მასში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება კი ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მყოფი რეგიონიდან დაიწყო. ახალაიას თქმით, სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, სარეზერვო სამსახური შექმნილია, მასში დაახლოებით 40 000 ადამიანია გაწევრიანებული და საბოლოო ჯამში, საქართველოს ამ სისტემით 100 000 მოხალისე ეყოლება. მინისტრის განცხადებით, სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს, ამ სამსახურის ჩამოყალიბების აუცილებლობა კი 2008 წლის ომის გამოცდილებამ გამოკვეთა. ” ჩამოყალიბება რამდენიმე თვის წინ იმიტომ დაიწყო, რომ 2006 წელს ეს შეუძლებელი იყო.”- აღნიშნა ბაჩო ახალაიამ და დასძინა, რომ რეზერვისტების გამოყენება მხოლოდ საომარი მოქმედებებისას ან სტიქიური უბედურების დროს ხდება და არ შეიძლება ამ ყველაფრის უკან ”სისულელეები” დაინახონ.

”თავისუფალი- დემოკრატების” ლიდერმა გასულ პარასკევს ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში ”უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების” შექმნაში დაადანაშაულა და გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილი მის მიერ ნახსენებ ”დაჯგუფებებს” დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს. ბრალდებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა ალასანიამ მედიას ორშაბათისთვის დაპირდა, ბრიფინგი კი დღეს გამართა და თქვა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის განსაჯაროებაზე უარი თქვა და რეაგირებისთვის ის უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა. ალასანიამ გამოთქვა ვერსია, რომ ”დაჯგუფებების” შექმნა ბაჩო და დათა ახალაიებს, მათთან ერთად კი მათ მამას-როლანდ ახალაიას დაავალეს, მათ კი ჯგუფების კურირებისთვის სამეგრელოში საჭირო ხალხის მობილიზება მოახდინეს. "სამწუხაროდ, ეს დაჯგუფებები, ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ძალებს და არა შეიარაღებულ ძალებს. მათი ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებზე მოსახლეობას არ მისცენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და არ მოხდეს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა,"-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მის განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი. " არ არის ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ნაბიჯების გადადგმა, ისეთი პროცესების თავიდან ასაცილებლად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული."-აღნიშნა მან.

 

კომენტარები