”თავისუფალი -დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა განმარტება რამდენიმე დღის წინ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ბრალდების თანახმად კი ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის. ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა საჯარო არ გაეხადა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ის რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ამ წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ მის მიერ ნახსენები ”შეიარაღებული დაჯგუფებების” შექმნა სამეგრელოში, ბაჩო და დათა ახალაიებს და მათ მამას -როლანდ ახალაიას დაავალა, მათ კი თავის მხრივ ”დაჯგუფებების” კურირებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ადამიანების მობილიზება მოახდინეს. ირაკლი ალასანიას თქმით, ესენი არიან: თორნიკე მალაზონია, ნუგზარ ფანგანი, რომან შამათავა, ფრიდონ შენგელია, ზვიად გაგუა, დავით დარსმელიძე და მამუკა იოსავა. ”არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფორმირებები იმიტომ იქმნება, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდაჭერებისა და მომხრეების დევნა და დაშინება დაიწყოს და საჭიროების შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურებაც მოხდეს" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ და დასძინა: "სამწუხაროდ, ეს დაჯგუფებები, რომლებიც ჩამოყალიბდა, ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ძალებს და არა შეიარაღებულ ძალებს. მათი ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებზე მოსახლეობას არ მისცენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და არ მოხდეს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა."
თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ბრალდება პირველად პარასკევს, ელჩებთან შეხვედრაზე გამოთქვა. მან სწორედ ელჩებისადმი თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ფლობს ინფორმაციას სამეგრელოში ”უკანონო შეიარაღებული ფორმირებების” შექმნის თაობაზე და დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ომისთვის ემზადება. მოგვიანებით, ”თავისუფალი-დემოკრატების” ლიდერმა გაავრცელა ცნობა, რომ ბრალდებასთან დაკავშირებით არგუმენეტებს ორშაბათს, ბრიფინგზე წარმადგენდა. ბრიფინგი მან სამშაბათს გამართა.
სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ალასანიას განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული."




