საქართველო-გერმანია

გერმანია მხარს უჭერს საქართველო-ნატოს პარტნიორობის გაღრმავებას

გერმანია საქართველოსა და ნატო-ს  შორის თანამშრომლობის  გაღრმავებას  უჭერს მხარს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ თბილისში,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე  სიტყვებით, 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, გერმანიისა და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საერთო მიზანს წარმოადგენს. გერმანიის საგარეო  საქმეთა მინისტრმა ხაზი გუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს, რაც მას  საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ავღანეთში შეაქვს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი  დღესვე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს და გერმანიის ურთიერთობის მრავალმხრივ ფორმატზე გამახვილდა.  მხარეები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხნენ და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური რეფორმები.

გუიდო ვესტერველე საქართველოს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა,  გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებათა საკითხებში მარკუს ლიონინგთან და გერმანელი ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად.    

 

 

კომენტარები