Pussy Riot

ნოვოსიბირსკში Pussy Riot-ის ”ხატები” გამოჩნდა

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის ქუჩებში გამოჩნდა ფემინისტური ჯგუფის, Pussy Riot-ის გამომსახველი ”ხატები”. ”ხატები” სარეკლამო სტენდებზეა განთავსებული და მასზე აქტივისტები ჯგუფის წევრების გათავისუფლებას ითხოვენ. ჯგუფის 2 წევრი, ნადეჟდა ტოლოკინიკოვა და მარია ალიხანა მას შემდეგ დააკავეს, რაც მოსკოვის ქრისტეს კათედრალში ”პანკ-ლოცვა” აღავლინეს. ”ლოცვის” ტექსტში აქტივისტები ღვთისმშობელს პუტინის განდევნას სთხოვდნენ.

”ხატებზე” გამოსახულია სავარაუდოდ მდედრობითი სქესის ადამიანი ნიღაბში, რომელსაც თავზე შარავანდედი აქვს.

გასულ ოთხშაბათს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის ინფორმაციული განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ჯგუფის წევრების დაკავება არ იყო საჭირო და მათთვის საკმარისი სასჯელი იყო საზოგადოების მიერ მათი გაკიცხვა.

ჯგუფის წევრების გასათავისუფლებად დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც უკვე 3000-მდე ადამიანი შეუერთდა.

გასულ ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქრისტეს ტაძარში ჯგუფის წევრების მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია-ლოცვა ჩატარდებოდა, რომელშიც 30 ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას. ტაძართან მისულმა აქტივისტებმა ნახეს, რომ სალოცავი დაკეტილი იყო ”ტექნიკური მიზეზების გამო”, პოლიციის თანამშრომლებმა კი დააკავეს არშემდგარი ”ლოცვის” მონაწილეები.

ფოტოები

კომენტარები