უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული რუსული ფილმის "აგვისტო. რვა" ჩვენება აკრძალა. უკრაინული მედიის ცნობით, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას საზოგადოებრივმა მოძრაობა "Свобода"-მ და ქართულმა დიასპორამ მიმართეს.
"Свобода"-ს წარმომადგენლების განცხადებით, "აგვისტო. რვა" ხელს უწყობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის გამწვავებას. „რუსების გადაღებული სურათი მიზნად ისახავს ხალხის ცნობიერებით მანიპულირებას, რათა საზოგადოების თვალში გამართლდეს რუსული იმპერიალიზმი, საქართველოში შეჭრა და მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია. ფილმი ღიად გამოხატავს რუსეთის სიძულვილს ჩვენი მოძმე საქართველოსადმი.“ - განაცხადა მოძრაობის წევრმა, ანდრეი მოხნიკმა.
ფილმში, რომლის რეჟისორი რუსი ჯანიკ ფაიზიევია, მოქმედება სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ვითარდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც 7 წლის შვილის გამოსახსნელად ომის პერიოდში ცხინვალში ჩადის.
"აგვისტო. რვა"-ს პრემიერა თებერვალში აზერბაიჯანშიც ჩაიშალა, სადაც კინოთეატრ „Park Cinema“ -ს Facebook-ის მომხმარებლებმა ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი ფილმის კინოგაქირავებიდან ამოღების თხოვნით მიმართეს.




