ინდონეზია

უშედეგო ბრძოლა კორუფციასთან

ინდონეზიის პრეზიდენტის, სუსილო ბამბანგ იუდოიონოს და მმართველი, დემოკრატიული პარტიის (DP) რეიტინგი დაეცა. ამის მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლების კორუფციაში ჩართულობას და სხვა პოლიტიკურ პრობლემებს ასახელებენ. 2009 წელს მან მოსახლეობის 61%-იანი მხარდაჭერით შეძლო ძალაუფლების მოპოვება, დღეს ინდონეზიელების 42% ემხრობა. პრეზიდენტთან ერთად ამომრჩევლის თვალში ნდობა მისმა პარტიამაც დაკარგა. DP-მ 2009 წელს ხმათა 21%-ით გაიმარჯვა, თუმცა ახლა მისი რეიტინგი 13,7%-მდეა ჩამოსული. გამოკითხვების მიხედვით, მთავარი ოპონენტი, Golkar-ი 15,5%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მიზეზი კორუფციის მხრივ ვითარების გაუარესებაა. იუდოიონო ხელისუფლებაში მოსვლის დროს მოსახლეობას სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას დაჰპირდა. თუმცა მოგვიანებით თავად მისი მთავრობის წევრები დააკავეს არალეგალური საქმიანობის, სახელმწიფო ფულის მითვისებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი პირდაპირ გარეული იყოს კორუფციულ გარიგებებში. თუმცა, მას არც პრობლემასთან გამკლავება ძალუძს. ზოგი მოსაზრებით, ლიდერის მიდგომებსა და ინიციატივებს მინისტრები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე უარყოფითად აისახება.

ინდონეზიისთვის რეფორმების გატარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. ქვანახშირითა და სხვა რესურსებით მდიდარი ქვეყანა მათი ექსპორტიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს. თუმცა დღეს უკეთესი პორტები, გზები და მოქნილი მმართველობაა საჭირო. თანაც, კორუფციის დონე ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობებს აფერხებს.

ქვეყნისთვის კიდევ ერთი გამოწვევა 238 მილიონი მოსახლეობის პირობებში ფართოდ დეცენტრალიზებული პოლიტიკური მმართველობის არსებობაა. ამის გამო ხშირად რთულდება ფედერალური რეფორმების განხორციელება. თანაც, პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს, გადაწყვეტილება ექვსპარტიულ კოალიციაში კონსენსუსს ემყარებოდეს. ამგვარი ნაბიჯი ხშირად პროცესს ანელებს. ბევრი ეჭვობს, რომ გაურკვეველმა ვითარებამ, მოსახლეობაში შესაძლოა ძლიერი ლიდერის „ნოსტალგია” გააჩინოს. ეს 2014 წელს იუდოიონოს შემცვლელად ყოფილი გენერლის, პრაბოვო სუბიანტოს არჩევის შანსებს გაზრდის. ამ უკანასკნელს, 1990-იან წლებში, აღმოსავლეთ ტიმორში სპეციალური ჯარების ხელმძღვანელობისას, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ბრალდებოდა.

კომენტარები