”ქართუ ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრმა რამაზ ქურდაძემ მოძრაობა ”ქართული ოცნების” ფულის გათეთრების სქემაზე ისაუბრა და სამსახური დატოვა. მან განაცხადა, რომ ალოგიკურად მაღალი პრემია ჩაურიცხეს და მოსთხოვეს ეს თანხა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე გადაერიცხა. მიხეილ ქურაძე მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნებას აპირებს. ბანკიდან წამოსვლის მიზეზებზე ის ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ესაუბრა და თქვა, რომ ბანკში მუშაობისას დისკომფორტი არ ჰქონია მანამდე, სანამ ფინანსური ორგანიზაცია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებმებოდა.
”ქართუ ბანკის“ ადმინისტრაცია ბანკის დირექტორატის წევრის და იურიდიული სამსახურის უფროსის რამაზ ქურდაძის ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებს, ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატა ხაინდრავამ განუცხადა.
ქურდაძე ამბობს, რომ მას პრემიის სახით 55 000 ლარი ჩაურიცხეს. გავრცელებული ცნობებით, მსგავსი ფაქტის შესახებ განაცხადა ”ქართუ” ბანკის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხაშვილმაც. მისი თქმით, თებერვლის დასაწყისში მის ანგარიშზე 37 000 ლარი გაჩნდა და ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნული თანხის ”ქართულ ოცნებაში” გადარიცხვა მოსთხოვა, რაზეც უარი განაცხადა.
”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ქურდაძის და ხუხაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა: „თითქმის ერთი თვეა გასული. მათ პრემია ალბათ რაღაცისთვის ჩაერიცხათ, ეს თვითონ უნდა იცოდნენ. აქედან პროვოკაციის მოწყობა მგონია, რომ მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ისინი ცდილობენ ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე." ფანჯიკიძის კომენტარი news.ge-მ გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებში მსგავსი კორუფციული გარიგების ფაქტი კონტროლის პალატამ ცოტა ხნის წინ გამოავლინა, ეს იყო შპს ”ქართუ მშენებელის” თანამშრომლისთვის უჩვეულოდ მაღალი პრემიის ჩარიცხვის ფაქტი, საიდანაც 20000 ლარი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე გადაირიცხა. ”ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების რეკომენდაციაზე, რის შემდეგაც ის, ”ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი ჯამში 600 000 ლარით დაჯარიმდნენ. კონტროლის პალატამ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად აიცილონ თავიდან, პოლიტიკური მიზნებისთვის მსგავს უკანონო სქემებში ჩართვა.




