ოსკარი

ლოს-ანჯელესში ოსკარის ქანდაკებები გაიყიდა

ოსკარის 15 ქანდაკებისაგან შემდგარი კოლექცია ლოს-ანჯელესში, აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ონლაინაუქციონი, რომელიც ამერიკის კინოდაჯილდოებიდან ორი დღის შემდეგ გაიმართა, მიზნად ისახავდა იმის ილუსტრირებას, თუ როგორ შეიცვალა სკულპტურების დიზაინი წლების განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს არ აქვთ უფლება გაყიდონ თავიანთი ჯილდოები. თუმცა აღნიშნული აუქციონი ოსკარის ორგანიზატორებმა ვერ აკრძალეს, რადგან გაყიდული ქანდაკებები 1950 წლამდე გაიცა,  პრიზების შესახებ სპეციალური წესის მიღებამდე .

აუქციონი შეიცავდა იმ ოსკარებს, რომლებითაც ფილმები „Wuthering Heights“ და „Citizen Kane“ დაჯილდოვდნენ. ყველაზე ძვირად სცენარისტ ჰერმან მანკივიცის ჯილდო გაიყიდა, რომელიც მან 1941 წელს „Citizen Kane“-ის სცენარისთვის მიიღო. ქანდაკებაში 588,455 დოლარი გადაიხადეს.

აკადემიამ აუქციონთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „დაჯილდოების ორგანიზატორები და კინოს სამყაროს წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს პრიზები, თვლიან, რომ ხელოვანმა ოსკარი უნდა მოიგოს და არა იყიდოს.“

1950 წელს მიღებული წესის თანახმად, გამარჯვებულს აქვს უფლება ოსკარის ქანდაკება მიყიდოს მხოლოდ აკადემიას სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად.

კომენტარები