განათლება

მასწავლებლობის მსურველთათვის ბარიერები მცირდება

მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, უმაღლესი განათლების მქონე მსურველთათვის მუშაობის, სულ მცირე, ერთწლიანი სტაჟი, ან მაძიებლობის პერიოდის გავლა, სავალდებულო აღარ იქნება. ამას ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს. გამოცდილების ბარიერის მოხსნას, განათლების სამინისტროში იმით ხსნიან, რომ მასწავლებლობის მსურველის ცოდნისა და უნარების შესამოწმებლად, სასერტიფიკაციო გამოცდები საკმარისად მიაჩნიათ. მართალია, მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გავლა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა არც მისი გაუქმება იგეგმება. ამ პროგრამაში ახალბედები გამოცდილი, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების ზედამხედველობის ქვეშ გადიან საცდელ პერიოდს. იგი 2010 წლიდან მოქმედებს. 
სამინისტროს მხრიდან, მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდილების ბარიერის მოხსნა, მისასალმებელია. თუმცა, სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც 2014 წლის ბოლომდე ყველამ უნდა გაიაროს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად, უსარგებლო რეგულაციაა. ეს მასწავლებლების პროფესიონალიზმის ზრდას ვერ უზრუნველყოფს და მათი განვითარების ხელისშემშლელადაც შეიძლება იქცეს. მინიმალური კომპეტენცია და სწავლების მეთოდების გარკვეულ დონემდე ცოდნა, კარგი პედაგოგობის გარანტია არ არის. სტანდარტიზებულმა გამოცდებმა, რომელიც მაპროფილებელ საგანსა და პროფესიულ უნარებში ტარდება, შეიძლება მასწავლებლების სწავლების მეთოდების სტანდარტიზებაც გამოიწვიოს და პედაგოგები ერთმანეთს „დაამსგავსოს”. 
 არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მასწავლებლების სერტიფიცირებას, მოსწავლეების მოსწრებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. როგორც სერტიფიცირებული, ასევე არასერტიფიცირებული მასწავლებლების მოსწავლეები ხშირად მსგავს შედეგებს აჩვენებენ. მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ერიკ ჰანუშეკმა ამ საკითხზე 171 კვლევის შედეგი შეაჯამა. მათგან 157-მა კონკრეტულ შედეგთან – მათ შორის მოსწავლეების მიღწევებთან – სერტიფიცირების მნიშვნელოვანი კავშირი არ დაადასტურა. უმთავრესი ფაქტორი კონკრეტული მასწავლებლების არა სტატუსი, არამედ პრაქტიკაში სწავლების უნარები აღმოჩნდა. მასთან შედარებით, შედეგებთან გაცილებით უმნიშვნელო კავშირი ჰქონდა მასწავლებლის გამოცდილებასაც. არც პედაგოგების სამეცნიერო ხარისხები ახდენდა რეზულტატებზე შესამჩნევ გავლენას. 
ბუნებრივია, მასწავლებლის ცოდნა და უნარები სწავლებისას უმნიშვნელოვანესია. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ სერტიფიცირება ამას ნაკლებად ცდის და უზრუნველყოფს. საუკეთესო ასპარეზი მასწავლებლისთვის სწორედ პრაქტიკაა, საუკეთესო შემფასებელი კი, არა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანო, თუ გამოცდა – არამედ დამქირავებელი, ანუ სკოლა. 
შესაბამისად, მასწავლებლების პროფესიონალიზმის გასაზრდელად, სკოლებს შორის  კონკურენტული, თავისუფალი გარემო უნდა შეიქმნას. ამის საპირისპიროდ, დღესდღეობით სამინისტრო საჯარო სკოლებს, მაგალითად, უდგენს მასწავლებელთა დაქირავების სტანდარტებს, უმტკიცებს სახელფასო ფონდს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეგულირებებისა, რაც უკანასკნელ პერიოდში წესდება. ამ დროს კი, რაც მეტი თავისუფლება მიეცემათ სკოლებს, თუნდაც მასწავლებლის დაქირავება-გათავისუფლებისას, მით უფრო მეტი სტიმული ექნებათ უკეთესი კადრების მოსაზიდად, ან შესანარჩუნებლად. ეს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, განათლების სფეროში უფრო მეტ პროფესიონალს მოიზიდავს. ამ შემთხვევაში, სერტიფიცირება ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ უსარგებლო ბარიერი შეიძლება იყოს. თავის მხრივ, უფრო თავისუფალ გარემოში, მოქმედ და მომავალ მასწავლებლებსაც საკუთარი თავის გასავითარებლად მეტი სტიმული ექნებათ. 

კომენტარები