ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მის კუთვნილი ერთ-ერთ კომპანიას ჰყიდის, თუმცა რეალურზე უფრო მაღალ ფასს ითხოვს. ამის შესახებ რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილის კუთვნილმა მმართველმა კომპანია” უნიკორმა ”ინვესტორებს გაუგზავნა წინადადება აგრარული კოპანია ”სტოილენსკაია ნივას” გაყიდვის თაობაზე. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან.
”სტოილენსკაია ნივა” 15 პურის საცხობ საწარმოს, ოთხ პურკომბინატს და ერთ ელევატორს აერთიანებს. 2010 წელს კომპანიას პურპროდუქტების წარმოებაში რუსეთში პირველი ადგილი ეკავა და მე-20 ადგილი - რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების რეიტინგში.
თუმცა, ”კომერსანტს” მოჰყავს ექსპერტების მოსაზრება , რომ კომპანიის გასაყიდი ფასი - 350 მილიონი დოლარი, რეალურს თითქმის ორჯერ აღემატება, რადგან რუსეთის პურპროდუქტების ბაზარი სტაგნაციას განიცდის.
იმის შესახებ, რომ რუსეთში საკუთარი აქტივების რეალიზაციას აპირებს, ბიზნესმენმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ივანიშვილი რუსეთში საკუთარი ბიზნესის რეალიზაციას შეღავათიან ფასებში - 2 მილიარდ დოლარად გეგმავდა.
ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რუსეთში ბიზნესმენის აქტივებს შორისაა მმართველი კომპანია ”უნიკორი”, რომელიც მსხვილ დეველოპერულ პროექტებს აერთიანებს (საერთო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აღემატება), ბანკი ”როსიისკი კრედიტი”, საფინანსო კომპანიები ”ინტერფინ კაპიტალი ”და ”ინტერფინ ტრეიდი”, ასევე ფარმაცევტული კონცერნი ”არკაფარმი”, რომელიც მართავს აფთიაქების ქსელს ”დოქტორ სტოლეტოვი (422 ობიექტი რუსეთის 11 რეგიონში) .




