თავდაცვა

სელესტ ვალანდერის გამოსვლა გორის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში

22 თებერვალს გორის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ  ვალანდერი. მან ისაუბრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, შეაქო საქართველოს პროგრესი ამ მიმართულებით და გამოყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. გამოსვლის სრული ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებ - გვერდზე გამოქვეყნდა.

ვალანდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, გარდა ქართველი სამხედროების მომზადებისა ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ფოკუსირებული იყო თავდაცვის სფეროში ინსტიტუციურ მშენებლობაზე. მათ შორის  - საქართველოს თავდაცვის დოქტრინის განვითარებაზე, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში შესაბამისი სტუქტურებისა და სისტემების ორგანიზებაზე, ეფექტიანი და პროფესიონალური სამხედრო განათლების პროგრამების დამკვიდრებაზე.

`მართალია, ამ სფეროებში მუშაობა არ დაგისრულებიათ, თუმცა, ჩვენი და ასევე ნატოს შეფასებები ცხადყოფს, რომ თქვენმა რეფორმებმა განაპირობა ისეთი შეიარაღებული ძალების მშენებლობის დაწყება, რომელიც არა მხოლოდ აშშ–სთან და ნატოსთანაა უფრო თავსებადი, არამედ უკვე იწყებს დასავლური და ევრო–ატლანტიკური სტანდარტების შესაბამისი ქცევის დამკვიდრებას“, – განაცხადა ვალანდერმა. მან აღნიშნა, რომ  საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე, პროფესიული შეიარაღებული ძალების სულისკვეთებას ითვისებს.  ისეთის, რომელიც დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში აპოლიტიკურ როლს თამაშობს. `ეს გარდაქმნის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - თქვა მან.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ  ხაზგასმით თქვა,  რომ თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოვებასთან ერთად, რაც ამჟამად მიმდინარეობს, არ შეწყდება ფოკუსირება თავდაცვითი ინსტიტუციების მშენებლობის საფუძვლებზე, რამაც წარმატება განაპირობა. `პირიქით, ახლა თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საფუძვლების სრულყოფილად ცოდნის დემონსტრირება და პრაქტიკაში გამოიყენოთ, სანამ ფესვს არ გაიდგამს, როგორც ტრადიცია, შეიარაღებულ ძალებში~ - განაცხადა მან.

ვალანდერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ დიდი დრო, ძალისხმევა და რესურსები ჩადო იმის სადემონსტრაციოდ, რომ მზად არის ინტეგრირდეს ევროპაში და გახდეს ნატოს წევრი. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს პროგრესს. `ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი, რომელიც ამ სკეპტიკოსების დასარწმუნებლად შეგიძლიათ გადადგათ არის ის, რომ არაორზაროვნად დაანახოთ მათ, რომ თქვენ ნათლად გესმით და შეგიძლიათ,  შესაფერისად მოიქცეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების შესაბამისი როლის უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა ვალანდერმა და დასძინა: ” ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე  საბოლოო გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ საქართველოს სამხედრო ძალებს ესმით საკუთარი როლი სრულად დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში. ისეთ საქართველოში, რომლის შესაქმნელადაც საქართველოს მოქალაქეები ბევრს მუშაობენ.~ მან აღნიშნა ისიც, რომ წელს და მომავალ წელს, მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება საქართველოს, რათა ნახოს ამჟამინდელი რეფორმები რამდენად შეუწყობს ხელს შეჯიბრებითი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებასა და იმგვარი არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგადაც, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად მოხდება ხელისუფლების თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული გადაცემა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ქართველ ოფიცრებს  ის ძირითადი პრინციპებიც წარუდგინა, რის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის:  კონსენსუსი საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების როლსა და მიზნებზე და ამ ძალების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. 

კომენტარები