საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვალანდერს და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეს ადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ითქვა, რომ აშშ ასევე დაეხმარება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში,- აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.
მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა, მანამდე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან.
სელესტ ვალანდერი და მარკ მონტგომერი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტმურნენ. მათ იქ აკადემიის მსმენელებსა და ოფიცრებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, თავდაცვის რეფორმებისა და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ამერიკელმა სტუმრება გორის სამხედრო ჰოსპიტალში , ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის შესრულების დროს დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.




